„ტრამვაი, სახელად „სურვილი“ (A Streetcar Named Desire, 1951, ელია კაზანი) – ელია კაზანის სკანდალური შედევრის პრემიერა 1951 წლის სექტემბრის თვეში შედგა ვენეციის კინოფესტივალზე და ერთგვარ მკვახე პასუხად იქცა საზოგადოებრივ მორალზე. თანამედროვე კრიტიკის აზრით, ფილმმა იმდენად გაუსწრო დროს, რომ არც პუბლიკა აღმოჩნდა მზად მის მისაღებად, არც 1950-იანი წლების ამერიკული კინო.
ფილმი ტენესი უილიამსის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით შეიქმნა. პოპულარობა ამერიკელმა დრამატურგმა 1950 წელს მოიპოვა, როცა მისი ავტობიოგრაფიული პიესით „შუშის სამხეცით“ კინოსტუდია Warner Bros-ის პროდიუსერები დაინტერესდნენ და
ირვინგ რაპერთან თანამშრომლობით დადგეს ამავე სახელწოდების დრამა.
მოგვიანებით უილიამსის კიდევ რამდენიმე პიესის ეკრანიზაცია განხორციელდა, რომელთა შორის განსაკუთრებით წარმატებული „კატა გავარვარებულ სახურავზე“ და „იგუანას ღამე“ აღმოჩნდა, თუმცა მანამდე იყო ბრწყინვალე დრამა „ტრამვაი სახელად „სურვილი“, რომელმაც უპასუხოდ დარჩენილ გრძნობებზე, არარეალიზებულ ოცნებებსა და ამბიციებზე მოუთხრო მაყურებელს. აღსანიშნავია, რომ 1948 წელს პიესა პულიცერის პრემიით დაჯილდოვდა და მე-20 საუკუნის უმნიშვნელოვანეს კულტურულ ფენომენად იქცა, რადგან მრავალგზის იქნა ადაპტირებული ხელოვნების სხვადასხვა სფეროში - ოპერით დაწყებული, მულტიპლიკაციით დასრულებული.