ზუსტად 82 წლის წინ, 1940 წლის 23 ოქტომბერს ბრაზილიის პატარა ქალაქ ტრეს-კორასოინში, ღარიბი კვარტლის ძველი აგურით ნაშენ სახლში ედსონ არანტის დუ ნასიმენტუ დაიბადა, რომელიც სამყარომ ჯერ პელეს სახელით გაიცნო, მერე ყველა დროის უდიდეს ფეხბურთელად აღიარა და ქედი მოიხარა მის წინაშე.
ედსონი ახალშობილს მამამ - ჟუან რამოსმა დაარქვა ცნობილი გამომგონებლის თომას ედისონის პატივსაცემად, რადგან სწორედ ბიჭუნას დაბადებამდე რამდენიმე კვირით ადრე გაიყვანა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ელექტროობა ღარიბ კვარტალში. მართალია, დაბადების მოწმობაში მომავალი ფეხბურთელი ედისონად გააფორმეს, მაგრამ მისივე განცხადებით, ეს მხოლოდ შეცდომაა, რადგან სინამდვილეში ედსონი ჰქვია და ძალიან ბრაზობს, როცა სხვანაირად მიმართავენ.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ჟუან რამოსმა, რომელსაც ადგილობრივები დონდინიოს სახელით უფრო იცნობდნენ, ითავა ედსონის პირველი მწვრთნელობა როცა დარწმუნდა, რომ შვილს მართლაც უზარმაზარი პოტენციალი ჰქონდა. სხვათა შორის, ერთადერთი საფეხბურთო რეკორდი, რომელიც პელეს არ ეკუთვნის, მისი მამის, ყოფილი ფეხბურთელის საკუთრებაა, რომელმაც ხუთი გოლი გაიტანა თავით ერთ მატჩში. თუმცა, თავად ჟუან რამოსის განცხადებით, „ყველაზე შთამბეჭდავი გოლი მეუღლესთან ერთად გაიტანა, საკუთარ შედევრს კი, ედსონ არანტისი დაარქვა“.
პელე მთელი ცხოვრება ერთნაირ ვარცხნილობას ატარებდა, რასაც არა სიზარმაცით ან საკუთარი იმიჯის მიმართ უყურადღებობით, არამედ მამის პატივისცემით ამართლებდა, რადგან დონდინიოსაც ზუსტად იგივე ვარცხნილობა ჰქონდა და არც უფიქრია მისი შეცვლა.
ბავშვობაში ედსონს დიკოს მეტსახელით მიმართავდნენ, რომელიც ბიძამ შეარქვა, დანარჩენმა ნათესავებმა კი, ენთუზიაზმით აიტაცეს. მეტიც, დედა რომელიც ყოველთვის სიამოვნებით ურთიერთობდა პრესასთან, უკვე საქვეყნოდ აღიარებულ შვილსაც ზედმეტსახელით მოიხსენიებდა, რითაც ჟურნალისტების ღიმილს იწვევდა.
პელეს მეტსახელი ედსონმა სკოლაში სწავლისას შეიძინა ადგილობრივი კლუბის „ბასკო დი სან ლორენსის მეკარის ბილეს პატივსაცემად, თუმცა მემუარებში აღნიშნა, რომ არც მას, არც მის ძველ მეგობრებს არ ახსოვთ რას ნიშნავს მისი სახელი, გარდა იმისა, რომ ბავშვობის კერპთან ასოცირდება. „პელეს“ მართლაც არ აქვს პორტუგალიურ ენაში განმარტება, თუმცა ივრითზე ის „საოცრებას“ ნიშნავს.
ბავშვობაში პელე სომნამბულიზმის (ანუ მთვარეულობის) შეტევებით იტანჯებოდა, რაც მედიკოსებმა მის ჰიპერაქტიურობას მიაწერეს, თუმცა მკურნალობის მეთოდი ვერ მოუძებნეს. ახლობლების განცხადებით მოზარდი ედსონი თითქმის ყოველ ღამე მძინარე თამაშობდა ფეხბურთს, მერე კი, გოლების გატანით მოქანცულს დილამდე მშვიდად ეძინა.
მთვარეული პელე კიდევ ერთ უნიკალური თავისებურების - პერიფერიული მხედველობის პატრონია. შესაძლოა, სწორედ მხედველობის არის მიღმა არსებული ობიექტების დანახვის უნარით აიხსნება ფეხბურთელის ფენომენალური თამაში, თუმცა თვითონ სხვანაირად ფიქრობს, „30-წლიანი კარიერის მანძილზე ვერავინ შეძლო უკნიდან მოპარვა და ბურთის წართმევა. ექიმების მტკიცებით, უნიკალური მხედველობა მაქვს, თუმცა მე მირჩევნია მჯეროდეს, რომ თვითონ ვარ უნიკალური“, - ხუმრობით აღნიშნა პელემ, რასაც მისი ფანებიც დაეთანხმნენ.
პირველი გუნდი, რომელმაც ბრაზილიის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად „7 სექტემბრის“ სახელი შეიძინა, მოზარდმა ედსონმა თვითონ შეკრიბა უბნის მეგობრებისგან, პირველი ჰონორარი - 4 500 რეალი კი, მოზარდთა კლუბში „ბაკინინიოში“ მიიღო, რომელთანაც 14 წლისამ გააფორმა კონტრაქტი.
აღსანიშნავია, რომ ღარიბ ოჯახში გაზრდილ ედსონს ისე ძალიან ეშინოდა მშიერი დარჩენის, რომ ანაზღაურების ოფიციალურად დანიშვნის შემდეგაც გააგრძელა ღვეზელებით ვაჭრობა რკინიგზის სადგურზე. დამატებითი შემოსავლის ძიებას ფეხბურთელმა მხოლოდ ცნობილ კლუბში „სანტოსში“ გადასვლის შემდეგ დაანება თავი.
1956 წელს მოზარდთა კლუბის მწვრთნელმა ვალდემარ დე ბრიტომ პელე სან-პაულუს უძლიერესი კლუბის, ბრაზლიის ერთ-ერთი გრანდის „სანტუსის“ მესვეურებს წარუდგინა და დააიმედა, რომ „ბიჭუნა აუცილებლად პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა“. წინასწარმეტყველებამ გაამართლა, თუმცა მოგვიანებით, მანამდე კი, პელემ ჯერ „სანტუსთან“ გააფორმა კონტრაქტი და 15 წლისამ მიიღო მონაწილეობა „კორინტიანსის“ წინააღმდეგ ოფიციალურ მატჩში, 10 თვის შემდეგ კი, ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა.
18 წლის პელე სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. მართალია, ენთუზიაზმით სავსე ფეხბურთელს, რომელიც რამდენიმე თვით ადრე ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა ეროვნულ ნაკრებს, ძალიან არ უნდოდა დროის ფუჭად ხარჯვა, მაგრამ ვერც „სანტოსის“ დირექტორები - ყოფილი სამხედროები დაარწმუნა, ვერც გამწვევი კომისია, რომლისთვისაც აბსოლუტურად სულერთი აღმოჩნდა ახალგაზრდა სპორტსმენის მიღწევები.
სანტოსის მოტორიზირებულ სანაპირო საარტილერიო ბრიგადაში ჩარიცხულმა პელემ მთელი წელი გაატარა ყაზარმაში, სადაც არა მხოლოდ სხვა რიგითების მსგავსად ასრულებდა მეთაურთა ბრძანებებს, არამედ საკლუბო და სანაკრებო ტურნირებშიც ძველებურად მონაწილეობდა.
1968 წელს „სანტოსის“ კოლუმბიურ „მილიონარიოსთან“ მატჩის დროს მსაჯმა გილიერმო ველასკესმა კოლუმბიელი მცველის წინააღმდეგ უხეში თამაშისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ პელეს მოედნიდან გაძევება სცადა, თუმცა „სანტოსის“ ფეხბურთელებმა, რომელთაც არ მოინდომეს ლიდერის გარეშე თამაში, მსაჯი ალყაში მოაქციეს. მართალია, დაპირისპირება რამდენიმე წუთი გაგრძელდა, მაგრამ მსაჯმა მხოლოდ ჩალურჯებული თვალით დააღწია თავი „სანტოსელებს“ და სწრაფად დატოვა მოედანი, პელემ კი, ისე გააგრძელა თამაში, თითქოს არაფერი მომხდარა.
1981 წელს ჯონ ჰიუსტონის დრამის „გაქცევა გამარჯვებისკენ“ პრემიერა შედგა. ფილმში, რომელმაც მაყურებელს სამხედრო ტყვეებსა და ნაცისტური ბანაკის ოფიცრებს შორის გამართულ ფეხბურთის მატჩზე მოუთხრო, მთავარი როლები სილვესტერ სტალონემ, მაიკლ კეინმა და მაქს ფონ ზიუდოვმა შეასრულეს, პარტნიორობა კი, კინოვარსკვლავებს ფეხბურთის ვარსკვლავებმა - პელემ, ბობი მურმა და ჯონ უორკმა გაუწიეს. მართალია, 41 წლის პელემ უპრობლემოდ, პირველივე მცდელობით გაიტანა საფირმო გოლი, მაგრამ სტალონე აღმოჩნდა მეკარის როლში ნაკლებად დამაჯერებელი.
უცნაურია, მაგრამ პელეს უიღბლობაზე, რომელიც ბრაზილიელების ხუმრობის საყვარელი თემაა, ლეგენდები არსებობს. ფეხბურთელს განსაკუთრებით სპორტულ პროგნოზებში არ უმართლებს. მეტიც, პელემ უარიც კი თქვა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრაში მონაწილეობაზე, რათა მისი უიღბლობა მშობლიურ ნაკრებს არ „გადასდებოდა“ მეტოქეების შერჩევისას. სამწუხაროდ, პელეს შიში გამართლდა. ბრაზილიელები არა მხოლოდ ნახევარ ფინალში დამარცხდნენ გერმანელებთან სამარცხვინო ანგარიშით 1:7, არამედ მესამე ადგილიც დათმეს ჰოლანდიელებთან დაპირისპირებაში.
1961 წელს პელემ კლუბის წევრებს სიტყვა მისცა, რომ არასდროს მოიყვანდა ცოლს, თუმცა სამჯერ დაარღვია თავისივე პირობა. პირველად ედსონმა 1966 წელს იქორწინა როზემარი დოს შოლბიზე, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა, თუმცა 31-წლიან ქორწინებას წერტილი ასირია ლემოს სეიშასმა დაუსვა, რომელმაც მართალია, ტყუპები - ჟოშუა და სელესტინა აჩუქა მეუღლეს, მაგრამ არც მეორე ქორწინება აღმოჩნდა მაინცდამაინც მყარი. მესამედ 76 წლის ფეხბურთელმა 2016 წელს იქორწინა იაპონური წარმოშობის ბრაზილიელ მეწარმეზე, 50 წლის მარსია სიბელი აოკიზე.
პირველი ავტოგრაფი პელემ 1950-იანი წლების შემდეგ უსახსოვრა განსაკუთრებით თავგამოდებულ თაყვანისმცემელს, თუმცა ძალიან დაიმორცხვა, რადგან წერასთან ერთად კითხვაც ძალიან უჭირდა. აღსანიშნავია, რომ ფანები ყოველთვის განსაკუთრებით ანებივრებდნენ საკუთარ კერპს. ამბობდნენ, თითქოს ერთ-ერთმა საკუთარი ქალიშვილიც კი შესთავაზა ცოლად, რაზეც ზრდილობიანი, თუმცა მტკიცე უარი მიიღო, მეორემ კი, სახლში მიიწვია, სადაც მთელი კედელი ცნობილი ფეხბურთელების ავტოგრაფებით ჰქონდა მოხატული. მართალია, მანაც უარი მიიღო, მაგრამ უკან მაინც არ დაიხია და მეორე დღეს ხის ფირფიტით გამოეცხადა, რომელიც კედელს ჩამოატეხა. რა თქმა უნდა, მსგავსი თავდადება პელემაც დააფასა და ერთგულ გულშემატკივარს საკუთარი ავტოგრაფი უსახსოვრა.
უცნაური შემთხვევა გადახდა პელეს 2000 წელს, როცა სან-პაულუში, შუქნიშანზე გაჩერებულ მის ავტომობილს შეიარაღებული მძარცველები დაესხნენ თავს. ერთ-ერთმა იარაღის მუქარით გადმოაგდო მძღოლი მანქანიდან, მეორემ კი, მგზავრის გაძარცვა მოინდომა, თუმცა როცა საკუთარ კერპს გადააწყდა, ბოდიში მოუხადა და გაქცევა დააპირა, მერე კი, უკან მობრუნდა და პელეს სიგარეტის კოლოფზე ავტოგრაფის გაკეთება სთხოვა. მართალია, მოგვიანებით, პელემ ხმამაღალი განცხადება გააკეთა და სამართალდამცავებს ბევრად მკაცრი ზომების მიღება მოსთხოვა მძარცველების წინააღმდეგ, მაგრამ მის თაყვანისმცემელ მძარცველებს მაინც სიამოვნებით შეუსრულა თხოვნა.
ამბობენ თითქოს, როცა 2003 წელს ამერიკელმა სამხედროებმა სადამ ჰუსეინი შეიპყრეს, ერაყელმა დიქტატორმა მხოლოდ სამი რამის - იარაღის, დოლარებით სავსე ქეისის და Pelé-ს ბრენდის ყავის დამალვა სცადა.
სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ პელე საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაება. 1992 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ელჩი გახდა ეკოლოგიის საკითხებში, მოგვიანებით კი, იუნესკოს დესპანობაც ითავა. 1995 წელს პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელმა სპორტის მინისტრის პოსტი ჩაიბარა და ბრაზილიური ფეხბურთის რეფორმირების პროექტი შესთავაზა პარლამენტს. მართალია, პელე დარწმუნებული იყო, რომ კორუფციისა და კრიმინალისგან გათავისუფლება მხოლოდ საფეხბურთო კლუბების საწარმოებთან, ფეხბურთელების კი, პერსონალთან გათანაბრებით და შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვით შეიძლებოდა, მაგრამ მისი შეთავაზება ფიფას პრეზიდენტმა ჟოაო აველანჟმა გააპროტესტა, რომელმაც ბიუროკრატები ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა და ბრაზილიის ფიფადან გარიცხვით დაიმუქრა.
ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში 92 მატჩის ჩატარებისა და 77 გატანილი გოლის შემდეგ, პელე ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც ოთხ მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და სამჯერ გახდა ჩემპიონი. ამასთანავე, პელე ერთ-ერთია იმ ოთხ ფეხბურთელს (კრიშტიანუ რონალდუს, მიროსლავ კლოზესა და უვე ზეელერს) შორის, ვინც ოთხივე მსოფლიო ჩემპიონატზე შეძლო მეტოქის კარის აღება.
ფიფას კომისიის მიერ მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული პელე, 1958 წელს მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელდა, ანალოგიური შედეგით აღინიშნა 1970 წლის ჩემპიონატიც, 1973 წელს კი, პელე სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
აღსანიშნავია, რომ მე-100, საიუბილეო გოლი ფეხბურთელმა 1969 წლის 19 ნოემბერს გაიტანა პენალტით, საერთო ჯამში კი, 1363 თამაში ჩაატარა, 1289 გოლი დააგროვა და საუკეთესო ბომბარდირი გახდა ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში.