მართალია, რეი ჩარლზს არასდროს უოცნებია პოპულარობასა და ვარსკვლავის სტატუსზე, რომელიც ზედმეტ თავის ტკივილად მიაჩნდა, მაგრამ ყოველთვის სჯეროდა, რომ კარგი მუსიკოსი იქნებოდა. თვითრწმენამ გაამართლა, ჩარლზმა არა მხოლოდ მსოფლიო აღიარება მოიპოვა, არამედ სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო მუსიკის ისტორიაში. მეტიც, ფრენკ სინატრამ ჩარლზს „ამერიკული მუსიკის ერთადერთი გენიოსი“ უწოდა, სტივი უანდერმა კი, ის უზარმაზარი გავლენა აღნიშნა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა შავკანიანთა კულტურა და ცხოვრების წესი.
საერთო ჯამში ჩარლზმა 70 სტუდიური ალბომი ჩაწერა, რომელთა უმეტესობამ ოქროს სტატუსი შეიძინა. მუსიკოსმა „გრემის“ 17 პრემია დაიმსახურა, 1981 წელს კი, საკუთარი ვარსკვლავი მიიღო ჰოლივუდის დიდების ხეივანში. ჩარლზს თავადაც აკვირვებდა მსგავსი პოპულარობა და ვერასდროს პოულობდა პასუხს შეკითხვაზე, რა იზიდავდა მელომანებს მის შემოქმედებაში. საიდუმლო მისივე კოლეგამ ჯეიმს ბრაუნმა ამოხსნა, რომელიც თვლიდა, რომ ბრწყინვალე პიანისტის, კომპოზიტორისა და არანჟირების ოსტატის წარმატება პირველ რიგში საოცარმა ტალანტმა და მუსიკის გულწრფელმა სიყვარულმა განსაზღვრა.
მხედველობა რეი ჩარლზმა 7 წლის ასაკში დაკარგა, როცა უმცროსი ძმა მდუღარე წყლით სავსე ავზში ჩავარდა და მის თვალწინ დაეღუპა. უმძიმესი ფსიქოლოგიური ტრავმა პირველ რიგში მხედველობაზე აისახა, რომელიც მომავალმა მუსიკოსმა ნელ-ნელა დაკარგა, 7 წლისა კი, საბოლოოდ დაბრმავდა. „ცუდად მახსოვს, რას ნიშნავს ხედავდე, თუმცა მახსოვს დედა და მახსოვს ფერები“, - აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში ჩარლზმა, რომელმაც არანაკლებ მტკივნეულად განიცადა დედის გარდაცვალება. რეი 15 წლის იყო, როცა დედა დაკარგა, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა მისი სიყვარული, რადგან სწორედ დედას თვლიდა ერთადერთ ახლობლად, ვისაც ყოველთვის სჯეროდა მისი წარმატების.
მართალია, პირველი კომპოზიცია ჩარლზმა 17 წლის ასაკში ჩაწერა, მაგრამ შემოქმედებითი კარიერის დასაწყისად მაინც 1953 წელს ჩაწერილი Mess Around ითვლება, რომელმაც არნახული პოპულარობა მოუტანა და მის პირველ ჰიტად იქცა. სადებიუტო წარმატებას ორ წელიწადში ახალი ნამუშევარი I Got A Woman მოჰყვა, რომელსაც მუსიკალური კრიტიკოსები პირველ სოულ-კომპოზიციად მიიჩნევენ. აღსანიშნავია, რომ რენალდ რიჩარდთან ერთად შექმნილ სიმღერას პოპულარული გოსპელი დაედო საფუძვლად, თუმცა ტექსტის შეცვლით, ჯაზ- და ბლუზ-ელემენტების დამატებით კომპოზიციამ აბსოლუტურად განსხვავებული ჟღერადობა შეიძინა და სწრაფად მოიპოვა აღიარება.
სრულიად შემთხვევით შეიქმნა ჩარლზის კიდევ ერთი ცნობილი კომპოზიცია What’d I Say. თავად მუსიკოსის განცხადებით, სიმღერა 1958 წელს დაიწერა სპონტანურად, როცა ერთ-ერთ კონცერტზე ბენდმა დროზე ადრე დაასრულა სეტი, თუმცა კონტრაქტით გათვალისწინებული დროის შევსება მოუხდა. რეიმ ჯერ უცნობი მელოდია დაუკრა, მერე ტექსტი წაიმღერა და პარალელურად გააბა დიალოგი პუბლიკასთან.
რამდენიმე თვის შემდეგ კომპოზიცია ჩაიწერა, თუმცა რადიოსადგურების ნაწილმა მისი მხოლოდ შემოკლებული ვერსიით გაშვება გაბედა, ნაწილმა კი, საერთოდ აკრძალა სექსუალური ქვეტექსტის გამო. შეზღუდვების მიუხედავად, სიმღერა სწრაფად იქცა სუპერჰიტად და უზარმაზარი გავლენა მოახდინა როკ’ნ’როლის განვითარებაზე. მეტიც, პოლ მაკარტნის განცხადებით, სწორედ What’d I say იქცა უძლიერესს იმპულსად მის ცხოვრებასა და შემოქმედებაში.
ჩარლზი, რომელიც არა მხოლოდ იზიარებდა მარტინ ლუთერ კინგის იდეებს, არამედ ფინანსურადაც ეხმარებოდა მას, მთელი ცხოვრება რასიზმს ებრძოდა. 1961 წელს, მშობლიურ ჯორჯიაში კონცერტისთვის მზადებისას ჩარლზმა იმ უნივერსიტეტის შავკანიანი სტუდენტების წერილი მიიღო, სადაც მისი გამოსვლა იგეგმებოდა. ახალგაზრდებმა გულისტკივილი გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ ორგანიზატორებმა მხოლოდ თეთრკანიანებს მისცეს წინა რიგებში, სცენასთან ახლოს ადგილის დაკავების უფლება, შავკანიანები კი, წინასწარ გააფრთხილეს, რომ დარბაზის ბოლოდან მოუწევდათ შოუსთვის თვალის დევნება. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ულტიმატუმით შეურაცხყოფილმა ჩარლზმა უარი თქვა კონცერტის გამართვაზე, რამაც კონტრაქტის დარღვევისთვის ჯარიმის - 757 დოლარის გადახდა აიძულა.
მართალია, არსებობდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს მუსიკოსს წლების მანძილზე ეკრძალებოდა ჯორჯიაში გამოსვლა, მაგრამ მსგავსი აკრძალვა არასდროს არსებობდა, სინამდვილეში, ჩარლზმა თვითონ თქვა უარი მშობლიურ შტატში კონცერტის გამართვაზე და სწორედ ასე გამოხატა პროტესტი რასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ. ჯორჯიაში მუსიკოსი მხოლოდ 1996 წელს დაბრუნდა, როცა ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე სიმღერა Georgia On My Mind შეასრულა.
მართალია, Georgia On My Mind ჰოგი კარლმაიკლმა შექმნა 1930 წელს და საყვარელ ქალს - ჯორჯიას მიუძღვნა, მაგრამ ვერც სიმღერამ მოიპოვა განსაკუთრებული პოპულარობა, ვერც თავად ავტორმა. მეორე სიცოცხლე კომპოზიციამ რეი ჩარლზის წყალობით შეიძინა 1960 წელს, როცა ისევ კარმაიკლთან ერთად გადაამუშავა და პრაქტიკულად რამდენიმე დღეში აქცია სუპერჰიტად. მოგვიანებით, სიმღერა მუსიკოსის სავიზიტო ბარათად და ცნობილი ხმის ჩამწერი ლეიბლის ABC Records-ის „ოქროს ხანის“ სიმბოლოდ იქცა.
1974 წელს Georgia On My Mind ოფიციალურად გამოცხადდა ჩარლზის მშობლიური შტატის - ჯორჯიას ჰიმნად, რასაც მუსიკოსმა ახალი ვერსია მიუძღვნა და სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაციით შეასრულა. „სწორედ ამ სიმღერის ვმღერი ყველაზე ხშირად, თუმცა ყოველთვის განსხვავებული განწყობით. ცხოვრება ყოველდღე იცვლება, იცვლება ჩვენი შეგრძნება, აღქმა და შესრულების მანერაც. არ არსებობს ორი ერთნაირი კომპოზიცია, რადგან ერთიც კი ყოველთვის სხვა და განსხვავებულია“, - აღნიშნა მუსიკოსმა, რომელიც მართლაც უნიკალურ საშემსრულებლო მანერას ფლობდა და ნებისმიერ სიმღერას ერთნაირი ექსპრესიით ასრულებდა.
მართალია, 2004 წელს ტეილორ ჰეკფორდის ბიოგრაფიული დრამა „რეი“ იხილა მაყურებელმა, მაგრამ თავად მუსიკოსი, რომელიც მოუთმენლად ელოდა მის ცხოვრებაზე შექმნილი ფილმის გამოსვლას, პრემიერამდე რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა. ჩარლზი იმდენად გატაცებული იყო ფილმის იდეით, რომ ბრეილის ანბანით სცენარის დაწერაც კი ითხოვა, საკუთარ ეკრანულ პროტოტიპს ჯეიმი ფოქსს კი, რომელიც „ოსკარის“ პრემიით დაჯილდოვდა, პირადად უსურვა წარმატება, „მართალია, მის სახეს ვერ ვხედავ, მაგრამ მაინც საკუთარ თავს ვგრძნობ მასში. ვფიქრობ, ჰეკფორდმა ბრწყინვალე შემცვლელი მომიძებნა, მით უფრო, რომ არც მე ვარ მარტივი პერსონაჟი“, - იხუმრა მუსიკოსმა.
„თაობის ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი, პიონერი, რომელმაც ყველა ზღვარი წაშალა საეკლესიო და საერო, „თეთრ“ და „შავ“ მუსიკას შორის და საკუთარი მუსიკა შექმნა“, - სწორედ ასე დაახასიათა ჩარლზი მუსიკალურმა კრიტიკოსმა ჰენრი პლეზანტსმა, თავად მუსიკოსმა კი, საკმაოდ მოკრძალებით შეაფასა საკუთარი შემოქმედება, „მუსიკა ჩემამდეც იყო და ჩემს მერეც დიდხანს იქნება. მე მხოლოდ საყვარელ საქმეს ვაკეთებ, რადგან სხვა არაფრის კეთება არ ვიცი“, - შენიშნა რეი ჩარლზმა, რომლის წვლილი მუსიკის განვითარებაში მართლაც ფასდაუდებელია.