კრიტიკოსების მიერ კინოს ისტორიის საუკეთესო ფილმად შეფასებულმა „დასაწყისმა“ მხოლოდ გაამყარა მისი შემქმნელის კრისტოფერ ნოლანის პოპულარობა, რადგან ტრილერის გამოსვლისთანავე ნათელი გახდა, რომ რეჟისორს პრაქტიკულად ნებისმიერი მასშტაბისა და სირთულის ბლოქბასტერის დადგმა შეეძლო.
მსოფლიო აღიარება ნოლანმა 1998 წელს მოიპოვა ნუარის სტილში გადაღებული სადებიუტო ტრილერით „დევნა“, რასაც ჯერ ფსიქოლოგიური დეტექტივები "გახსოვდეს" და „უძილობა“, მერე სუპერგმირული ბოევიკები „ბეტმენი: დასაწყისი“, „ბნელი რაინდი“ და მისტიკური დრამა „პრესტიჟი“ მოჰყვა, თუმცა, სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრში შექმნილი „დასაწყისი“, რომელმაც ბრწყინვალე მსახიობებს მოუყარა თავი და გაქირავების ლიდერი გახდა, წლების შემდეგაც ნოლანის საუკეთესო ნამუშევრად ითვლება.
აღსანიშნავია, რომ "დასაწყისი" ნოლანის პირველი ნამუშევარია, რომელიც მან საკუთარი სცენარით დადგა, რადგან მანამდე შექმნილ ყველა ფილმს ცნობილი კომიქსების სიუჟეტები დაედო საფუძვლად.
სცენარზე მუშაობა რეჟისორმა 2000 წელს დაიწყო, როცა 80-გვერდიანი ისტორია მოიფიქრა სიზმრების გამტაცებლებზე. მართალია, ერთი წლის შემდეგ ნოლანმა კინოსტუდიის Warner Brothers-ის მესვეურებთან ერთად განიხილა საკუთარი ჩანაფიქრი, მაგრამ მიხვდა, რომ მსგავსი პროექტის განხორციელება სოლიდურ ფინანსებს მოითხოვდა, რომელთა მოძიება ძალიან გაუჭირდებოდა.
სანატრელ პროექტს რეჟისორი მხოლოდ საკასო რეკორდსმენის „ბნელი რაინდის“ წარმატების შემდეგ დაუბრუნდა, როცა ენთუზიაზმით შეუდგა სცენარის დახვეწას, თუმცა კორექტივების შეტანა და ერთი შეხედვით მარტივი სამუშაო მთელი ცხრა წელი გაგრძელდა, რადგან დეტალების დამუშავებას ლოკაციების და მთავარი პერსონაჟების ხასიათის შეცვლა მოჰყვა, რომელთაც ახალ სახეებთან ერთად სახელებიც ორიგინალური, სიმბოლოებითა და მინიშნებებით დატვირთული შეიძინეს. 2009 წელს Warner Brothers-მა სცენარი მოიწონა და გადაღებები დაგეგმა, რომელიც ტოკიოში დაიწყო, ხუთი თვის შემდეგ კი, კანადაში დასრულდა.
მართალია, სამეცნიერო-ფანტასტიკური ტრილერი გაცნობიერებულ ზმანებებზე ტრადიციულ ბოევიკს, ან ე.წ. ფილმ-ძარცვას ჰგავს, მაგრამ ჟანრის კლასიკისგან განსხვავებით ნოლანის შედევრში მთავარი პერსონაჟები არა კონკრეტული ობიექტის, არამედ მსხვერპლის ცნობიერებაში ჩანერგილი იდეების მოპარვას ცდილობენ. სიუჟეტის მიხედვით, საწარმოო ჯაშუშები, რომლებიც ინფორმაციას კონკურენტის სიზმრებში შეჭრით მოიპოვებენ, ახლა პირიქით - სიზმრების გამოყენებით ადამიანის ცნობიერებაში მათთვის სასურველი ინფორმაციის ჩანერგვას სწავლობენ, ამასთანავე, წამყვანი როლი ფილმში უნიკალურ მეთოდს ენიჭება, რომელიც რამდენიმე ადამიანს ერთსა და იმავე სიზმარში ჩაძირვის საშუალებას აძლევს.
რა თქმა უნდა, ფანტასტიკურ ისტორიაზე მუშაობისას ნოლანმა კარგად იცოდა, რომ არასტანდარტულ სიუჟეტსა და რთულ პერსონაჟებს, მხოლოდ გამოცდილი, მართლაც ნიჭიერი მსახიობი მოერეოდნენ. რეჟისორმა დამოუკიდებლად შექმნა ერთგვარი ვირტუალური დასი, პროდიუსერებს კი, ულტიმატუმი წაუყენა და წინასწარ გააფრთხილა, რომ ან მხოლოდ მის მიერ შერჩეულ მსახიობებთან იმუშავებდა ან საერთოდ არ შედგებოდა პროექტი.
ნოლანის მოთხოვნამ გაამართლა, მით უფრო, რომ ისეთი ვარსკვლავების თავმოყრა, როგორიც ლეონარდო დი კაპრიო და ტომ ჰარდი, მარიონ კოტიარი და ელენ (ელიოტ) პეიჯი, ტომ ბერენჯერი და სერ მაიკლ კეინია ნებისმიერი კინოკომპანიის ოცნებაა. მართალია, კეინი სულ რამდენიმე წუთით გამოჩნდა ეკრანზე, მაგრამ მაინც სოლიდური ჰონორარი მიიღო, რაც პირველ რიგში ნოლანის დამსახურება აღმოჩნდა, რომელიც პრაქტიკულად ბავშვობიდან ეთაყვანებოდა მსახიობს.
აღსანიშნავია, რომ პერსონაჟების სახელები მეტწილად ფილმის სიუჟეტის განვითარებას და მის ახსნას ცდილობენ მაყურებლისთვის, მით უფრო, რომ მათი (Dom, Robert, Eames, Arthur/Ariadne, Mal, Sato) პირველი ასოების შეკრებით სიტყვა Dreams ანუ "სიზმრები" გამოდის.
მაგალითად, ლეონარდო დი კაპრიოს პერსონაჟის - დომინიკ კობის გვარი, რომელიც სახლში დაბრუნებას ნატრობს, სანსკრიტზე „ოცნებას“ ნიშნავს, ამასთანავე, სწორედ დომინიკ კობი ჰქვია პროფესიონალ მძარცველს ნოლანის სადებიუტო ნამუშევარში "დევნა". როგორც ამბობენ, დიკაპრიო, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო მთავარ როლზე, განსაკუთრებული მოთხოვნებისა და პირობების გარეშე დათანხმდა პროექტში მონაწილეობას, რადგან რეჟისორს, რომელიც წლების მანძილზე უშედეგოდ ცდილობდა მასთან თანამშრომლობას, ამჯერად ვეღარ გაუბედა უარის თქმა.
არიადნა, რომლის როლი ნოლანმა ჯერ კირა ნაიტლის და ემა რობერტსს, მერე საავტორო კინოს ვარსკვლავს ევან რეიჩელ ვუდს შესთავაზა, თუმცა, საბოლოოდ მაინც ელენ პეიჯს ჩააბარა, ბერძნულ მითოლოგიაში კრეტას მეფის მინოსის ქალიშვილია, რომელმაც ძაფის გორგალი უსახსოვრა თეზევსს, როცა მან მინოტავრის მოკვლა განიზრახა.
კობის მეუღლეს მარიონ კოტიარის შესრულებით "მალი" ჰქვია, რაც ფრანგულ და ესპანურ ენაზე "არასწორს" ან "ბოროტს" ნიშნავს. სხვათა შორის, მალის როლში ნოლანს მხოლოდ ქეით უინსლეტის ხილვა სურდა, თუმცა მსახიობმა პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რადგან შეთავაზებული პერსონაჟი ზედმეტად უცხო აღმოჩნდა მისთვის.
ტომ ჰარდის პროფესონალმა ქურდმა იმსმა სახელი ინტერიერის ცნობილი დიზაინერების ჩარლზ და რეი იმსების პატივსაცემად მიიღო. სხვათა შორის, ჰარდი ნოლანმა გაი რიჩის ფილმში „როკენროლა“ ხილვის შემდეგ მიიწვია. მართალია, მსახიობი დარწმუნებული იყო, რომ მსგავსი პატივი ბიოგრაფიულ დრამაში „ბრონსონში“ ბრწყინვალედ შესრულებული როლის წყალობით დაიმსახურა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ნოლანს საერთოდ არ ჰქონდა მისი შედევრი ნანახი.
კოლიან მერფის პერსონჟს - რობერტ ფიშერს ექსტრავაგანტური მოჭადრაკის ბობი ფიშერის სახელი დაერქვა, მისი მამა მორის ფიშერი კი, მე-20 საუკუნის პოპულარული ჰოლანდიელი გრაფიკოსის მორის კორნელიუს ეშერის ერთგვარი განსახიერებაა. სხვათა შორის, სწორედ ეშერის ნამუშევრები იქცა ფილმის სპეცეფექტებზე მუშაობისას ნოლანის მთავარ შთაგონებად, რადგან "პენროუზის კიბე", რომელსაც არტური არიადნას აჩვენებს, სწორედ ეშერის ცნობილ ლითოგრაფიაზე "აღმსვლასა და დაშვებაზე" მიანიშნებს.
დალიპ რაოს ქიმიკოსის იუსუფის სახელი ებრაული იოსების არაბული ფორმაა. სიზმრების ინტერპრეტაციის ნიჭით დაჯილდოვებული ბიბლიური იოსები ეგვიპტის ფარაონის მონა იყო, რომელმაც მხოლოდ "შვიდწლიანი შიმშილის" წინასწარმეტყველებით და განსაცდელისთვის მზადებისას მბრძანებლისთვის გაწეული დახმარების სანაცვლოდ მიიღო თავისუფლება. სპეციალურად შეირჩა გავლენიანი ბიზნესმენის საიტოს გვარიც, რაც "სიწმინდის ყვავილს" ნიშნავს და ერთ-ერთ ყველაზე პატივცემულ გვარად ითვლება იაპონიაში, რადგან მე-10 საუკუნის ძლევამოსილი ფეოდალების დინასტიისგან წარმოდგება. სხვათა შორის, კენ ვატანაბესთვის ნოლანმა სპეციალურად შეიქმნა საიტოს პერსონაჟი, რადგან გული დაწყდა რომ ნიჭიერ მსახიობს ნაკლები ეკრანული დრო დაუთმო „ბეტმენის დაბრუნებაში“.
სხვათა შორის, Entertainment Weekly-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ნოლანმა აღნიშნა, რომ პერსონაჟები კინოწარმოების კლასიკური მაგალითის ანალოგად შეკრიბა, რადგან კობი რეჟისორია, არტური კი - პროდიუსერი, არიადნა დამდგმელი მხატვრის ფუნქციას ასრულებს, იმსი კი - მსახიობია, საიტო - სტუდიას განასახიერებს, ფიშერი კი - მხოლოდ მაყურებელია.
მართალია, Warner Brothers-ის მესვეურებმა ფილმის 3D-ფორმატში გაკეთება მოისურვეს, მაგრამ ნოლანის კატეგორიული უარი მიიღეს. რეჟისორი ყოველთვის აქტიურად ეწინააღმდეგებოდა სამგანზომილებიან ფორმატს, რადგან თვლიდა, რომ ეფექტური სანახაობით გატაცებულ მაყურებელს აბსლუტურად უყურადღებოდ რჩებოდა ფილმში მოთხრობილი ისტორია.
უზარმაზარი წვლილი შეიტანა ფილმის წარმატებაში მხატვართა და სპეცეფექტების ოსტატთა ჯგუფმა, რომელთაც ჯერ ფიშერის "თოვლის ციხე-სიმაგრე" ააგეს კალიფორნიის უნივერსიტეტის გეიზელის ბიბლიოთეკის ანალოგად, მერე 500-მდე კადრი შექმნეს ბრწყინვალე სპეცეფექტებით.
შთამბეჭდავი გრაფიკისა და ვიზუალური ეფექტების მიუხედავად, მბრუნავი დერეფნის სცენაზე მუშაობისას ჯოზეფ გორდონ-ლევიტმა მაინც უარი თქვა საკუთარი პერსონაჟის გრაფიკული ვერსიის შექმნაზე და დამოუკიდებლად შეასრულა ყველა ტრიუკი, ელენ პეიჯს კი, სპეცეფექტების ოსტატთა მოთხოვნით მოუწია ვარცხნილობის შეცვლა და თმის უკან შეკვრა, რადგან უწონადო სივრცეში მისი პერსონაჟის გაშლილი თმის მოძრაობა ზედმეტად არაბუნებრივად გამოიყურებოდა.
მართალია, ედიტ პიაფის ცნობილი სიმღერა Non, Je Ne Regrette Rien ("არა, არაფერს ვნანობ") ერთგვარ ლაიტმოტივად გასდევს მთელ ფილმს, მაგრამ მარიონ კოტიარის როლზე დამტკიცების შემდეგ ნოლანს საერთოდ უარის თქმა უნდოდა პოპულარულ კომპოზიციაზე, რათა მაყურებელს მცდარი ასოციაცია არ გასჩენოდა მის „ოსკაროსან“ როლსა და ბიოგრაფიულ დრამასთან „ცხოვრება ვარდისფერში“, რომელშიც კოტიარმა სწორედ ედიტ პიაფი განასახიერა. კომპოზიცია კომპოზიტორმა ჰანს ციმერმა გადაარჩინა, რომელმაც ფილმის მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნა და სიმღერის ზუსტად ის შენელებული ვერსია გამოიყენა შესავალში, როგორც ფსიქოლოგების მტკიცებით, დრო იჭიმება სიზმარში.
ნოლანის ნამუშევარმა, რომლის გადაღება 2009 წელს დაიწყო და შესაფერისი ლოკაციების ძიებაში თითქმის მთელ მსოფლიოში იმოგზაურა ბრიტანეთის, საფრანგეთისა და კენიის ჩათვლით, ჯერ კიდევ გაქირავებაში ჩაშვებამდე დაიმსახურა ცნობისმოყვარეთა ინტერესი. მართალია, რეპორტიორებმა პრემიერამდე მოინდომეს ფილმის დეტალების გარკვევა, მაგრამ ნოლანმა მაინც შეძლო საკუთარი ნამუშევრის დაცვა, რადგან საპრემიერო ჩვენებისთვის ფილმი შეცვლილი სათაურით - "ქვიშის საათით" გაგზავნა კინოთეატრებში.
ფილმის ბიუჯეტი, რომელმაც 160 მილიონი დოლარი შეადგინა, კინოკომპანიებმა Warner Bros-მა Legendary Pictures-მა გაინაწილეს, სარეკლამო კამპანიაზე დახარჯული 100 მილიონი კი, პროდიუსერებმა მოიპოვეს ნოლანის ბრწყინვალე რეპუტაციისა და „ბნელი რაინდის“ წარმატების წყალობით.
„დასაწყისის“ პრემიერა 2010 წლის ივლისის თვეში შედგა ლონდონში. ფილმმა ევროპელი მაყურებლის მაღალი შეფასება დაიმსახურა, ამერიკელებმა კი, არასტანდარტული დრამატურგიისა და სირთულის გამო დაიწუნეს. ყველაზე მასიური პუბლიკის უკმაყოფილების მიუხედავად „დასაწყისის“ საერთო შემოსავალმა მაინც 830 მილიონ დოლარს გადააჭარბა, საპრემიერო ჩვენებაზე მოგროვილი 21 მილიონით კი, საუკეთესო შედეგი აჩვენა სამეცნიერო- ფანტასტიკის ჟანრის ისტორიაში, თუმცა პირველობა მაინც ჯეიმს კამერონის „ავატარს“ დაუთმო.