თავისუფლების კუნძულის უცვლელი ლიდერი ფიდელ კასტრო, რომელიც კუბური რევოლუციის მთავარ სიმბოლოდ ითვლება, მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული, თუმცა წინააღმდეგობრივი ფიგურაა, რადგან მის მოღვაწეობას ყველა განსხვავებულად აფასებს - მომხრეები გმირად მიიჩნევენ და მხოლოდ დამსახურებას აღნიშნავენ, ოპონენტები კი, პირიქით სასტიკ დიქტატორად თვლიან და მის ნაკლოვანებებს უსვამენ ხაზს, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ლეგენდარულ კუბელს იშვიათი ქარიზმა ჰქონდა, ყოველთვის საოცარი გამბედაობითა და სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩეოდა.
ფიდელ ალეხანდრო კასტრო რუს გონსალესი 1926 წლის 13 აგვისტოს დაიბადა კუბის აღმოსავლეთში, პატარა სოფელ ბირანში შეძლებული პლანტატორის ოჯახში. თუმცა, მდიდარი მხოლოდ მამა - ესპანელი ემიგრანტი ანხელ კასტრო იყო, რომელმაც შაქრის წარმოებით დააგროვა უზარმაზარი ქონება, დედა - ლინა რუს გონსალესი კი, მზარეულად მუშაობდა მის სახლში. შეძლებულმა ბატონმა სწრაფად მოხიბლა ღარიბი გოგონა, თუმცა არც უფიქრია მისი მიტოვება და ჯერ სერიოზული ურთიერთობა გააბა, ხუთი შვილის შეძენის შემდეგ კი, ცოლადაც მოიყვანა.
სოლიდური ქონების მიუხედავად, არც ანხელს ჰქონდა განათლება, არც მის მეუღლეს. იმედს კასტროები მხოლოდ შვილებზე ამყარებდნენ, ამიტომ ძალიან გაიხარეს, როცა ფიდელმა დაწყებით კლასებშივე გამოავლინა ლიდერული თვისებები, ფენომენალური მეხსიერება და სხარტად აზროვნების უნარი.
სკოლაში სწავლისას გაამჟღავნა ფიდელმა რევოლუციური ბუნებაც, როცა 13 წლისა შეუერთდა საკუთარი მამის პლანტაციაზე მოწყობილ ბუნტს. „კასტრო ყოველთვის საოცარი გამბედაობით გამოირჩეოდა. ყველამ ვიცოდით, რომ თუ მას გავყვებოდით ან გავიმარჯვებდით ან აუცილებლად დავიღუპებოდით“, - გაიხსენა მისმა სკოლის მეგობარი მაქს ლესტნიკმა.
საშუალო სკოლიდან ფიდელმა პრივილეგირებულ „ბელენის“ იეზუიტურ კოლეჯში გადაინაცვლა, სადაც მოძღვარმა, იეზუიტმა მამა ლორენტომ სწორედ მისი მიზანდასახულობა და პატივმოყვარეობა დაიწუნა, რადგან მოზარდი კასტრო ზედმეტად ხშირად ეხვეოდა უსიამოვნებებში, მით უფრო, რომ საყვარელი პისტოლეტიც ყოველთვის თან ჰქონდა. ამბობდნენ, თითქოს ფიდელი მეგობარსაც კი დაენიძლავა, რომ ველოსიპედით გაქანებული მთელი ძალით კედელს შეასკდებოდა... მართალია, კასტრომ რამდენიმე დღე საავადმყოფოში გაატარა, მაგრამ სანაძლეო მაინც მოიგო.
1945 წელს, კოლეჯის წარჩინებით დასრულების შემდეგ ფიდელმა ჰავანის უნივერსიტეტში ჩააბარა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. სტუდენტობის პერიოდში კასტრო საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობდა. მუდამ არეულ ოთახში, რომელსაც პანსიონში ქირაობდა, მხოლოდ კუბელი რევოლუციონერის ხოსე მარტის წიგნები იყო თაროზე მოწესრიგებული. ახალგაზრდა კასტრო ძალიან ბევრს კითხულობდა, უპირატესობას კი, მუსოლინის, ლენინის და სტალინის ნაშრომებს, ადოლფ ჰიტლერის Mein Kampf (ჩემი ბრძოლა) ანიჭებდა.
1940 წელს, 14 წლის ფიდელმა ამერიკის პრეზიდენტს ფრანკლინ რუზველტს გაუგზავნა წერილი, რომელსაც ჯერ მესამე საპრეზიდენტო ვადით არჩევა მიულოცა, მერე საკუთარი თხოვნა გაუზიარა, „თუ არ შეწუხდებით 10-დოლარიანი კუპიურა გამომიგზავნეთ, რომელიც არასდროს მინახავს, არადა ძალიან მინდა, რომ მქონდეს“, - მისწერა კასტრომ და საოცრად გაიხარა, როცა პასუხიც მიიღო, „საშინლად ვამაყობდი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლის წერილით, თუმცა გული დამწყდა, რომ ბანკნოტის გამოგზავნა დაავიწყდა“, - იხუმრა კასტრომ, თუმცა ბევრს მანამდე არ სჯეროდა მისი მონათხრობის, სანამ 2004 წელს ამერიკის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს არქივში არ აღმოაჩინეს წერილი.
1950 წელს სამოქალაქო სამართლის დოქტორმა ფიდელ კასტრომ ჰავანაში გადაწყვიტა საადვოკატო პრაქტიკის დაწყება და ღატაკი კუბელების უსასყიდლოდ დახმარება, საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები კი, „კუბელი ხალხის პარტიაში“ გამოთქვა, რომლის წევრებმა 1952 წელს პარლამენტშიც კი წარადგინეს დეპუტატად, თუმცა ხელმძღვანელობა აღმოჩნდა წინააღმდეგი, რომელმაც კასტროს იდეები დაუწუნა და რადიკალიზმში დადანაშაულებულს საერთოდ აუკრძალა არჩევნებში მონაწილეობა.
1952 წელის 11 მარტს მორიგი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რაც კუბაში საკმაოდ ხშირად ხდებოდა, ქვეყნის მმართველობა ფულხენსიო ბატისტამ ჩაიგდო ხელში. თუმცა, ახალგაზრდა ადვოკატმა დაუშვებლად მიიჩნია მოვლენების მსგავსი განვითარება და 24 მარტს ჰავანას სასამართლოში მტკიცებულებებით გამყარებული სარჩელი შეიტანა, ბატისტა კონსტიტუციური ნორმების დარღვევაში, ძალაუფლების მიტაცებაში დაადანაშაულა და მასზე სისხლის სამართლის დევნის გამოცხადება მოითხოვა. „თუ ბატისტას ვერ დასჯით, მაშინ ვერც რიგითი მოქალაქის განსჯას შეძლებთ, რომელიც იარაღით ხელში გამოუცხადებს ბრძოლას უკანონო რეჟიმს, რადგან ასეთი მოქალაქის გასამართლება უსამართლო და აბსურდული იქნება“, - მიმართა კასტრომ მოსამართლეებს და მართალია, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მაგრამ პოპულარობის მოპოვებაში მაინც დაეხმარა.
სასამართლოში მარცხის შემდეგ, კასტრომ თანამოაზრეთა მცირე ჯგუფი შეკრიბა სანტიაგო-დე-კუბაში მონკადას სამხედრო ყაზარმებში შეიარაღებული აჯანყების მოსაწყობად. მართალია, შეთქმულებს არც ბრძოლის, არც საომარი ოპერაციების წარმოების გამოცდილება არ ჰქონდათ, მაგრამ 1953 წლის 26 ივლისს მაინც თამამად შეუტიეს გარნიზონს 400-მდე ჯარისკაცსა და ოფიცრის შემადგენლობით. რა თქმა უნდა, აჯანყება მარცხით დასრულდა, გადარჩენილი რევოლუციონერები ფიდელისა და მისი ძმის რაულის ჩათვლით კი დააპატიმრეს. სასამართლო პროცესზე ფიდელი თავად იცავდა საკუთარ თავს, მისი სიტყვა პროცესის უკანასკნელ დღეს კი, პირველ საჯარო გამოსვლად იქცა, რომელზეც მთელი მსოფლიო ალაპარაკდა.
კასტროს მტკიცებით სოფლის მოსახლეობის 90% პარაზიტებით იყო დაავადებული, გლეხების 30%-მა წერა-კითხვა არ იცოდა, 700 ათასი უმუშევარი კუბელი კი, უშედეგოდ ებრძოდა შიმშილს, „უფლებაწართმეულ ხალხს ყოველთვის აქვს აჯანყების უფლება. გამასამართლეთ, ჩემთვის სულერთია, რადგან ვიცი, ოდესმე ისტორია გამამართლებს!“ - სწორედ ასე დაასრულა საკუთარი გამოსვლა კასტრომ, რომელსაც მართალია 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა 22 თვეში გათავისუფლდა ამნისტიით. როგორც ჩანს, ჯიუტი კასტრო ვერც ციხის სასტიკმა წესებმა შეცვალა, რადგან საპროტესტო აქციის მოწყობაც კი გაბედა, როცა საპატიმროს ბატისტა ესტუმრა. მართალია, ციხის გამძვინვარებულმა ადმინისტრაციამ ფიდელი მორგთან ახლოს, კარცერში დაამწყვდია, რათა გარდაცვლილი პატიმრების შემხედვარეს მაინც დაეხია უკან, მაგრამ მისი მორჯულება შეუძლებელი აღმოჩნდა.
1955 წელს ციხიდან გათავისუფლებული კასტრო მექსიკაში გაემგზავრა, სადაც რაული ელოდა თანამოაზრეებთან ერთად. სწორედ მეხიკოში შექმნა ფიდელმა „მოძრაობა 26 ივლისი“ და აქტიურად შეუდგა მზადებას ბატისტას დასამხობად, რამდენიმე თვის შემდეგ კი, წერილი გამოაქვეყნა პოპულარულ ჟურნალში Bohemia-ში, „ან გავთავისუფლდებით ან მსხვერპლად შევწირავთ საკუთარ თავს! გპირდებით, რომ 1956 წელს აუცილებლად ახალ კუბაში შევხვდებით. არავის ეგონოს, რომ შევიშალე, პირიქით საღ გონებაზე ვარ და კარგად ვაცნობიერებ, რომ 31 დეკემბრამდე მხოლოდ 4 თვე და 6 დღეა დარჩენილი“, - წერდა კასტრო, რომლითაც პირველ რიგში ბატისტას უგზავნიდა შეტყობინებას.
1956 წლის 25 ნოემბერს იახტით Granma რევოლუციონერები ფიდელ კასტროს ხელმძღვანელობით კუბისკენ დაიძრნენ. აჯანყებულებს შორის იყო არგენტინელი ექიმი ერნესტო გავარაც, რომელიც მოგვიანებით უბრალოდ კომანდანტე ჩეს სახელით გაიცნო მსოფლიომ. მართალია, რევოლუციონერთა რაზმი კუბის სამხრეთ-აღმოსავლეთში, სიერა-მაესტრას მთებში გეგმავდა დაბანაკებას, მაგრამ კუნძულს მიახლოებული ბატისტას არმიის მოულოდნელ თავდასხმას ემსხვერპლა. აჯანყებულთა ნაწილი დაიღუპა, ნაწილი კი, ტყვედ ჩავარდა. თავის დაღწევა მხოლოდ ორმა ჯგუფმა შეძლო, რომლებიც რამდენიმე დღის შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს.
რა თქმა უნდა, საგრძნობლად შეთხელებული რაზმი, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა ბატისტასთვის, თუმცა გლეხებისთვის მიწის გადაცემის დაპირების შემდეგ რევოლუციური მოძრაობა სწრაფად შეივსო რამდენიმე ასეული მებრძოლით. უკან არ დაიხია არც ბატისტამ, რომელმაც ჯარი დაუპირისპირა კასტროს მებრძოლებს, თუმცა სიერა-მაესტრას მთებში გაგზავნილი ჯარისკაცები უკან აღარ დაბრუნდნენ, რადგან ნაწილი რევოლუციონერთა მხარეს გადავიდა, ნაწილმა კი დეზერტირობა არჩია.
1957-1958 წლებში აჯანყებულებმა, რომლებიც პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკით მოქმედებდნენ, რამდენიმე ათეული ოპერაცია განახორციელეს კასტროს ხელმძღვანელობით. მოგვიანებით, რევოლუციონერებს სტუდენტთა ფედერაციის რაზმებიც შეუერთდნენ, რომელთაც მეორე ნაციონალური ფრონტი გახსნეს კუბის ცენტრალურ ნაწილში, სიერა-დელ-ესკამბრაის მთებში, დასავლეთში, პინარ-დელ-რიოში კი, მესამე ფრონტი ამოქმედდა „26 ივლისის რევოლუციური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა კასტროს არმია, მაშინ როცა საგრძნობლად შემცირდა სახელისუფლო ძალები.
კასტრომ დაპირება შეასრულა და 1959 წლის პირველ იანვარს მართლაც ჰავანაში შეხვდა. ბატისტა ქვეყნიდან გაიქცა, მისი ადგილი დროებითმა პრეზიდენტმა მანუელ ურუტიამ, პრემიერ-მინისტრის პოსტი კი - ლიბერალმა ადვოკატმა მირო კარდინამ ჩაიბარა. მართალია, 1957 წელს, ჯერ კიდევ სიერა-მაესტრას მთებში New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ფიდელმა აღნიშნა, რომ არასდროს ინტერესდებოდა ქვეყნის მმართველობით, გამარჯვების შემდეგ კი, მშობლიურ სოფელს დაუბრუნდებოდა და საადვოკატო პრაქტიკას გააგრძელებდა, მაგრამ წარმატებით განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ აზრი შეიცვალა, მეტიც მირო კარდონას გადადგომის შემდეგ სწორედ ის ჩაუდგა მთავრობას სათავეში და ჯერ დაგეგმილი არჩევნები გააუქმა, მერე 1940 წლის კონსტიტუციის მოქმედება შეაჩერა, რომელიც ძირითად უფლებებს უზრუნველყოფდა და ქვეყნის მართვას დეკრეტების გამოყენებით შეუდგა.
მართალია, გლეხებისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის საუკეთესო პირობების შექმნის დაპირება კუბელმა ლიბერალებმა სოციალისტური რეჟიმის დამყარების მცდელობად ჩათვალეს, მაგრამ ჩე გევარასგან განსხვავებით, კასტრო არასდროს თვლიდა საკუთარ თავს კომუნისტად, პირიქით, ყოველთვის ამერიკელი კაპიტალისტების იმედზე იყო, თუმცა, ხალხის ნების გარეშე ქვეყნის ბედის გადაწყვეტას ჩვეულმა თეთრმა სახლმა დაუშვებელ თავხედობად მიიჩნია ბატისტას დამხობა და მხარდაჭერის ნაცვლად კუბელების დასჯა გადაწყვიტა. სხვათა შორის, 1990-იანი წლების ბოლოს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვეტერანებმა თვითონ აღიარეს, რომ თავის დროზე კასტროსთან მოლაპარაკების უნიკალური შანსი დაკარგეს, მეტიც, ფიდელის ლიკვიდაციის სურვილით პრაქტიკულად თვითონ აქციეს კუბა საბჭოთა კავშირის მოკავშირედ.
1961 წლის 17 აპრილს ამერიკის დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ 1 500 კუბელი ემიგრანტისგან შემდგარი „ბრიგადა 2506“ გადასხა ღორების ყურეში ფიდელ კასტროს ლიკვიდაციის მიზნით, თუმცა ოპერაცია კრახით დასრულდა, შეერთებულ შტატებს კი, მთელ მსოფლიოში შეელახა რეპუტაცია. სწორედ შელახულმა რეპუტაციამ და სამარცხვინო ლაქად ქცეულმა მარცხმა აიძულა ამერიკის ხელისუფლებას ჯერ ეკონომიკური სანქციების შემოღება, მერე კუბელ ლიდერზე ნადირობის გამოცხადება, რადგან მოლოდინმა, რომ ფიდელი თავად დაიხევდა უკან - არ გაამართლა.
სწორედ ლიკვიდაციის 638 უშედეგო მცდელობის შემდეგ მოხვდა კასტრო გინესის რეკორდების წიგნში, როცა ჯერ ტუბერკულოზის ჩხირით დაავადებული აკვალანგით და ტოქსიკური სიგარებით სცადეს მისი მოწამვლა, მერე მომაკვდინებელი ბაქტერიებით დაავადებული ცხვირსახოცი და შხამიანი ბათინკები გაუგზავნეს სხვისი ხელით საჩუქრად, „ტერაქტს გადარჩენა ოლიმპიური დისციპლინა რომ იყოს დიდი ხანია ოქროს მედალი მექნებოდა და ვერავინ შემეცილებოდა“, - იხუმრა ფიდელმა, რომელიც კიდევ ერთი რეკორდის მფლობელი გახდა და ყველაზე სიცოცხლისუნარიანი ლიდერის შემდეგ, ყველაზე მოუქანცავი ორატორის სტატუსიც მოიპოვა. 1960 წლის 29 სექტემბერს, კუბელმა ლიდერმა ჯერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტრიბუნიდან წარმოთქმული სიტყვა გააგრძელა 4 საათსა და 29 წუთს, 1986 წელს კი, კუბის კომუნისტური პარტიის მესამე ყრილობაზე „იქადაგა“ მთელი 7 საათი და 10 წუთი.
ოპონენტთა მტკიცებით, ასაკის მატებასთან ერთად კუბელმა ლიდერმა ჩვეული ჟინი დაკარგა და მქუხარე რევოლუციონერიდან სასტიკ დიქტატორად გადაიქცა, რომელმაც არც ყოფილი თანამებრძოლები დაინდო. მეტიც, ოფიციალური მონაცემების თანახმად, საპატიმროებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში კასტრომ უფრო მეტი ადამიანი გაამწესა ვიდრე ჰიტლერმა და სტალინმა (რა თქმა უნდა, მოსახლეობის პროცენტული თანაფარდობით). ამასთანავე, სწორედ მისი მმართველობის დროს დაფიქსირდა პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური ბრალდებით გასამართლებულთა რეკორდული მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ფაქტების უგულებელყოფა რთულია, თუმცა, ფიდელის მომხრეები იმასაც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გახშირებული თავდასხმების ფონზე, რომელთაც ამერიკული სპეცსამსახურები ახორციელებდნენ ათწლეულების მანძილზე, შეუძლებელი იყო ყურადღების მოდუნება და რეჟიმის ლიბერალიზაცია.
არ გაამართლა არც კასტროს ეკონომიკურმა რეფორმებმა. რა თქმა უნდა, ოპონენტები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ სწორედ ფიდელმა გააღატაკა „თავისუფლების კუნძული“ თავისი სოციალიზმით, მაგრამ ის 50-წლიანი ამერიკული ემბარგოც გასათვალისწინებელია, რომელმაც აუნაზღაურებელი ზარალი მიაყენა კუბას.
1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიოს იმედი ჰქონდა, რომ კასტროს რეჟიმიც დასრულდებოდა, თუმცა ფიდელმა, რომელიც სოციალისტური ბლოკის მხარდაჭერის გარეშე დარჩა ამ დარტყმასაც გაუძლო. მეტიც, კასტრომ არა მხოლოდ საბაზრო ეკონომიკის სისტემის დამკვიდრება სცადა, არამედ მეტად კომფორტული პირობები შეუქმნა ტურისტებს, კუბელ ემიგრანტებთან არაოფიციალური კონტაქტების წყალობით კი, საკმაოდ სოლიდური ინვესტიციები განახორციელა ქვეყნის ეკონომიკაში. ამასთანავე, ფიდელმა ახალგაზრდობის ოცნება აისრულა და კუბელები ხარისხიანი უფასო განათლებითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყო. სხვათა შორის, კუბელი მედიკოსები დღესაც წარმატებით მკურნალობენ უცხოელ პაციენტებს, მათ შორის კატასტროფების, სტიქიური უბედურების დროს დაზარალებულებს და რაც მთავარია, უფასოდ.
გარდაცვალების შესახებ მრავალჯერ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ფიდელმა მასზე განხორციელებულ ყველა ტერაქტს გაუძლო, რამდენიმე უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა და მომხრეებთან ერთად მოწინააღმდეგეებიც გააკვირვა სიცოცხლის საოცარი ჟინით. მართალია, 2006 წელს კუბელი ბელადის ჯანმრთელობა იმდენად დამძიმდა, რომ უცხოელმა ჟურნალისტებმა სადღეღამისო საკორესპონდენტო პუნქტებიც კი მოაწყვეს ჰავანის ბარებში სენსაციური ინფორმაციის მოლოდინში, მაგრამ ფიდელმა ისევ ყველას გაუცრუა იმედი.
ქვეყნის მართვის უფლებამოსილება კასტრომ 2008 წელს გადააბარა საკუთარ ძმას რაულს. თუმცა არც პენსიაზე გასულმა ისურვა დასვენება და ძველი ენთუზიაზმით გააგრძელა სტატიებზე მუშაობა, რომლებშიც მსოფლიო პოლიტიკას და კუბაში არსებულ სიტუაციას განიხილავდა. მართალია, ვრცელდებოდა ხმები, თითქოს სტატიებს კასტროს ნაცვლად ჟურნალისტები წერდნენ, რადგან ხანდაზმულ რევოლუციონერს მეხსიერება ღალატობდა, მაგრამ 2016 წლის 13 აგვისტოს, 90 წლის იუბილეზე კასტრომ არა მხოლოდ კუბის კომპარტიის ყრილობაში მიიღო მონაწილეობა, არამედ სიტყვითაც გამოვიდა, „აზრი არ აქვს ცხოვრებას მიზნის გარეშე და არ არსებობს უფრო დიდი ბედნიერება, ვიდრე ამ მიზნებისთვის ბრძოლაა!“ - ჩვეული ენთუზიაზმით აღნიშნა ფიდელმა და თითქოს შეაჯამა საკუთარი 50-წლიანი მოღვაწეობა.
ფიდელ კასტრო 2016 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა და სანტა-იფიგენიას სასაფლაოზე დაიკრძალა ხოსე მარტის მავზოლეუმის გვერდით. აღსანიშნავია, რომ უზარმაზარი ქვა პატარა დაფით, რომელზეც მხოლოდ მისი სახელია დატანილი, სიმინდის მარცვალს განასახიერებს და ფიდელის საყვარელ ფრაზას „მსოფლიოს მთელი დიდება სიმინდის მარცვალში ეტევა“ სიმბოლიზირებს.