მსოფლიოში სთრით არტის ცნობილმა წარმომადგენელმა, ბენქსიმ, უკრაინაში, კიევის მახლობლად მდებარე სოფელ ბოროდიანკაში ორი ახალი გრაფიტი შექმნა.
თავდაპირველად ფოტოები ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ბრიტანელმა ფოტოჟურნალისტმა და რეპორტიორმა, ედ რემმა, რომელიც Getty Images-თვის მუშაობს უკრაინაში.
ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ერთ ფოტოზე გრაფიტი ასახავს, როგორ ამარცხებს ბავშვი ძიუდოს ფორმაში გამოწყობილ კაცს. ჟურნალისტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ძიუდოში შავი ქამრის მფლობელია და იგი მაისში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) საპატიო პრეზიდენტის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
მეორე გრაფიტი, რომელიც ბენქსიმ კიევის რეგიონში შეასრულა, დანგრეული შენობის კედელზე, ტანმოვარჯიშე გოგონაა.
უკრაინაში ვიზიტზე ბრიტანელ ხელოვანს კომენტარი არ გაუკეთებია. მანამდე, მარტში, ანონიმურმა მფლობელმა ბენქსის ნამუშევარი აუქციონზე 106 000 დოლარად გაყიდა და დაჰპირდა, რომ თანხას უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის გააგზავნიდა. ბენქსი არ არის პირველი ცნობილი ადამიანი, რომელიც უკრაინას ომის დროს ეწვია. უკრაინას წელს უკვე ეწვივნენ ანჯელინა ჯოლი, ჯესიკა ჩესტეინი, შონ პენი, ბენ სტილერი და სხვა ცნობილი პიროვნებები.