„აპოელმა“ ისევ მოიგო - გიორგი ქვილითაიამ გაიტანა - Palitra News

„აპოელმა“ ისევ მოიგო - გიორგი ქვილითაიამ გაიტანა

2023-01-23 10:14:00+04:00

ნიქოზიას „აპოელი“, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, კვიპროსის ჩემპიონატში „ხლორაკას“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

კვიპროსის პირველი დივიზიონის მე-20 ტურში „აპოელმა“ მეტოქე საკუთარ მოედანზე მიიღო. ნიქოზიელების ძირითად შემადგენლობაში სამივე ქართველი – ლაშა დვალი, მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია იყვნენ. ბოლო ადგილზე მყოფმა „ხლორაკამ“ გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

„აპოელმა“ აუტსაიდერის დაცვის წინააღმდეგობა მეორე ტაიმში მაინც დაძლია. ეს მე-60 წუთზე გუნდის კაპიტანმა, გიორგი ქვილითაიამ მოახერხა. ქართველმა თავდამსხმელმა მეტოქის კარში დანიშნული პენალტი გამოიყენა. 65-ე წუთზე კი სტუმართა კარი ანასტასიოს დონისმა მეორედ აიღო და საბოლოოდ გუნდმა თამაში ანგარიშით 2:0 მოიგო.

20 ტურის შემდეგ „აპოელმა“ 46 ქულა დააგროვა და ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება, ქართველები გუნდი ტურნირის ლიდერს, ლარნაკას „აეკ“-ს კი მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.