„ვამაყობ, რომ ქალები თამამად ატარებენ სმოკინგს და საწვიმარს, ბოტფორტებს და მაღალ ჩექმებს, რადგან მე შევქმენი თანამედროვე ქალის გარდერობი“, - აღნიშნა გამოსამშვიდობებელ სიტყვაში ცნობილმა ფრანგმა მოდელიერმა ივ სენ-ლორანმა, რომელიც ჯერ კრისტიან დიორის მოდის სახლს ხელმძღვანელობდა, მერე საკუთარი ბრენდი შექმნა და არა მხოლოდ ქალის გარდერობი შეავსო ახალი დეტალებით, არამედ უნისექსის სტილი დაამკვიდრა და „დიდი მოდის პატარა უფლისწულის“ მეტსახელი დაიმსახურა.
ივ ანრი დონა მატიე სენ-ლორანი 1936 წლის 1 აგვისტოს დაიბადა ალჟირის ქალაქ ორანში არისტოკრატი იურისტების ოჯახში. მისი მამა, რომელიც წლების მანძილზე ინარჩუნებდა სადაზღვევო კომპანიის პრეზიდენტის პოსტს, პარალელურად კინოთეატრების უზარმაზარ ქსელს ფლობდა, სადაც ივის განსაკუთრებით უყვარდა სტუმრობდა დებთან ერთად. მოდისადმი ინტერესი მომავალ მოდელიერს დედამ, ჟურნალ Vogue-ის ერთგულმა მკითხველმა გაუღვიძა, რომელსაც დახვეწილი გემოვნება ჰქონდა და ყოველთვის მოდურად იცვამდა.
პირველი გამოცდილება მოდის სამყაროში ივმა 14 ასაკში შეიძინა, როცა საშინაო თოჯინების თეატრით გატაცებულმა სპექტაკლი დადგა, პერსონაჟებს კი საკუთარი კოსტიუმები მოარგო. მართალია, მოზარდმა სენ-ლორანმა, რომელიც მონეს, ველასკესისა და მატისის ფერწერით შთაგონებული მოლიერის, ბერნარდ შოუს და ჟან კოქტოს პიესების საკუთარ ვერსიებს დგამდა, საერთოდ არ იცოდა კერვა, მაგრამ ქაღალდის მოდელების დეტალებს მაინც გულმოდგინედ აწებებდა.
დედა, რომელმაც პირველმა შენიშნა შვილის ინტერესი მოდის მიმართ, უპირობოდ ასრულებდა ყველა მის თხოვნას და უსიტყვოდ იძენდა ყველაფერს, რასაც მოზარდი ივი სთხოვდა ფანქრებით და ფუნჯებით დაწყებული, ალბომებით და მოდური ჟურნალებით დასრულებული, რომელთაც კოლექტიურად ათვალიერებდნენ და ერთად განიხილავდნენ საყვარელ მოდელებს. სწორედ ლუსიენმა დაუჭირა მხარი შვილს, როცა მან ჯერ შალის საერთაშორისო სეკრეტარიატის კონკურსში მონაწილეობა გადაწყვიტა და პირველი პრემიაც დაიმსახურა, მერე პარიზში გადაბარგდა და მაღალი მოდის პალატასთან არსებულ მოდელიერთა სკოლაში ჩააბარა. სხვათა შორის, კონკურსში მისი მთავარი კონკურენტი გერმანელი სტუდენტი 21 წლის კარლ ლაგერფელდი იყო.
სწავლის დასრულების შემდეგ სენ-ლორანის ესკიზებით კრისტიან დიორი დაინტერესდა, რადგან მისმა ნამუშევრებმა მაესტროს საკუთარი გაახსენა. მართალია, ნიჭიერ ახალგაზრდას დიორმა საკუთარ მოდის სახლში მუშაობა შესთავაზა, რამაც ახალბედა მოდელიორი აღაფრთოვანა, მაგრამ ასისტენტის მოვალეობა მხოლოდ სტუდიის დეკორაციასა და აქსესუარებზე მუშაობას ითვალისწინებდა. თუმცა, მონდომებამ გაამართლა, რადგან ერთი წლის შემდეგ ივის ესკიზებით თავად დიორმა შექმნა კოლექცია, წარმატებული დეფილეს შემდეგ კი, სწორედ სენ-ლორანი დაასახელა საკუთარ მემკვიდრედ.
როგორც ჩანს, კუტიურიეს ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა, რადგან 1957 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა გულის შეტევით, მისი ადგილი კი, ივ სენ-ლორანმა დაიკავა, რომელიც 21 წლის ასაკში გახდა Dior-ის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი.
პირველ კოლექციას, რომელიც რუსული ეროვნული კოსტიუმების, მეტწილად ე.წ. ქალის სარაფანმა შთააგონა, სენ-ლორანმა „ტრაპეცია“ უწოდა და სულ რაღაც 2 კვირაში შექმნა 600-ზე მეტი ესკიზი. სადებიუტო ჩვენება დიზაინერმა 1958 წლის 30 იანვარს მოაწყო და პუბლიკის მოწონება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ თავისი „ტრაპეციით“ სენ-ლორანმა ე.წ. სოციალისტურ ბანაკში შეღწევა მოახერხა და პირველი ფრანგი დიზაინერი გახდა, ვინც საკუთარი ნამუშევრები საბჭოთა მოქალაქეებს წარუდგინა. უზარმაზარი ბაგაჟით, რომელმაც 10 მილიონ ფრანკად დაზღვეული ტანსაცმლის, ფეხსაცმლის 120 ჩემოდანი და 500 ლიტრი პარფიუმი შეადგინა, 1959 წლის ივნისის თვეში ჩამოიტვირთა მოსკოვის აეროპორტში 12 ლამაზმანთან და 22 წლის დიზაინერთან ერთად. ორიგინალურ კოსტიუმებში გამოწყობილმა მანეკენებმა პირდაპირ ტრაპზე მოაწყვეს ჩვენება, რაც ჟურნალ Life-ის ფოტოკორესპონდენტმაც აღბეჭდა საკუთარ რეპორტაჟში.
1960 წელს სენ-ლორანი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს და სამშობლოს წინაშე ვალის მოსახდელად ალჟირში გაამგზავრეს. თუმცა, თავისუფალ, შემოქმედებით ცხოვრებას ჩვეულმა ივმა მხოლოდ 20 დღე გაუძლო ყაზარმის მკაცრ დეჟიმს, დემობილიზირებული კი, პირდაპირ ფსიქიატრიულ კლინიკაში აღმოჩნდა ნერვული შეტევით. ვალ-დე-გრასის სამხედრო ჰოსპიტალში დიზაინერმა სამი თვე გაატარა „მზრუნველი ესკულაპების“ ზედამხედველობით, რომლებიც ტრანკვილიზატორების უზარმაზარი დოზით, ელექტროშოკური თერაპიით მკურნალობდნენ პაციენტს და არც ჰოსპიტლის ეზოში უშვებდნენ სასეირნოდ, არც ახლობლებს აძლევდნენ მისი ნახვის უფლებას, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ კლინიკიდან გაწერილი დიზაინერი სულ რაღაც 30 კილოგრამს იწონიდა.
ჯერ სამხედრო სამსახურში გაწვეული, მერე კლინიკაში მოხვედრილი სენ-ლორანის ხანგრძლივი არყოფნით Dior-ის სახლის ხელმძღვანელობამ ისარგებლა მარსელ ბუსაკის მეთაურობით, რომელმაც „პრობლემური“ დიზაინერისგან გათავისუფლება მოინდომა და გაუფრთხილებლად გააუქმა მასთან კონტრაქტი. რა თქმა უნდა, ექსპანსიური, მუდამ დაბნეული, მხოლოდ საკუთარი ფიქრებითა და ფანტაზიებით გატაცებული დიზაინერი ვერასდროს მოიპოვებდა სამართლიანობას, რომ არა მისი პარტნიორი, ბევრად თავშეკავებული და პრაგმატული პიერ ბერჟე. სწორედ მან დაამტკიცა, რომ მოდის სახლმა შრომის ხელშეკრულება დაარღვია და არა მხოლოდ სასამართლო პროცესი მოიგო, არამედკომპენსაციაც მიიღო Dior-სგან, რომლის დაბანდებითაც 1961 წელს პარტნიორებმა საკუთარი - Yves Saint Laurent-ის ბრენდი შექმნეს.
სწორედ საკუთარ ლეიბლზე მუშაობისას შექმნა სენ-ლორანმა ის მნიშვნელოვანი ელემენტები, რომელთაც სამუდამოდ დაიმკვიდრეს ადგილი მოდის ისტორიაში. დიზაინერის ყველაზე ცნობილ ინოვაციებს შორისაა ე.წ. Le Smoking - ქალის სმოკინგი-კოსტიუმი, რომელიც Yves Saint Laurent-ის სახლის მთავარ სიმბოლოდ იქცა.
პოპულარობის მიუხედავად, პრესა მაინც არასდროს ინდობდა დიზაინერს. ჟურნალისტები ერთნაირი სიმკაცრით აკრიტიკებდნენ როგორც Christian Dior-ის სახლისთვის, ისე საკუთარი ლეიბლისთვის შექმნილ კოლექციებს. მეტიც, 1966 წელს The New York Times-ის კრიტიკოსმა გლორია ემერსონმა ლეგენდარული სმოკინგის ვარიაციებზე შექმნილი შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ამოიღო მიზანში და მოდელებს მოძველებული, თავად დიზაინერს კი, უგემოვნო და ჩამორჩენილი უწოდა, რომელიც „ზედმეტად მონდომებით ცდილობდა დაერწმუნებინა სამყარო, სწორედ ის განსაზღვრავდა მოდურ ტენდენციებს“.
ნოვატორობით განთქმული მოდელეორი არა მხოლოდ მოდის სამყაროს საზღვრების გაფართოებას, არამედ ათწლეულების მანძილზე დამკვიდრებული სტერეოტიპების ნგრევასაც ცდილობდა. სწორედ სენ-ლორანის წყალობით გამოჩნდნენ პირველად შავკანიანი მოდელები პოდიუმზე, მის მუზად კი, ნაომი კემპბელი იქცა, რომელიც დღემდე მადლიერებით იხსენებს დიზაინერს და აღნიშნავს, რომ „აუნაზღაურებელ ვალშია მაესტროს წინაშე“, რადგან სწორედ მან აქცია საკუთარი შოუების მთავარ გმირად და მაქსიმალურად შეუწყო ხელი მისი ფოტოების პოპულარული ჟურნალებში გავრცელებას.
ცნობილი ლამაზმანები და კინოვარსკვლავები ყოველთვის აღმერთებდნენ ივ სენ-ლორანს, რომელიც ყოველთვის ულამაზესი მოდელების შექმნით პასუხობდა მისი ნიჭის დამფასებლებს. დიზაინერის ერთგულ თაყვანისმცემლებს შორის იყო კატრინ დენევიც, ვისთან ნაცნობობაც ჯერ თანამშრომლობით, მერე კი მეგობრობით გაგრძელდა.
სწორედ სენ-ლორანმა შემოსა დენევის პერსონაჟები ლუის ბუნუელის „დღის ლამაზმანში“ და ფრანსუა ტრიუფოს „მისისიპის ქალთევზაში“, მსახიობმა კი, თავის მხრივ მის მოდელებს გაუწია რეკლამა. მართალია, ათწლეულების მანძილზე დენევმა მეგობრის ნამუშევრების სოლიდურ კოლექციას მოუყარა თავი, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, როცა უზარმაზარი ვილა გაყიდა ნორმანდიაში, სენ-ლორანის მემკვიდრეობასთან დამშვიდობება და მისი შედევრების Christie's აუქციონზე გამოფენაც მოუწია.
სხვათა შორის, ივ სენ-ლორანია პირველი ფრანგი მოდელიერი, რომელმაც 1967 წელს prêt-à-porter-ს სრული ხაზი წარმოადგინა, მისი პირველი დამკვეთი კი, კატრინ დენევი გახდა. ამასთანავე, სწორედ მან მოირგო პირველმა დღეს უკვე ლეგენდად ქცეული სმოკინგი.
მართალია, ივ სენ-ლორანისა და პიერ ბერჟეს რომანტიკული ურთიერთობა 1976 წელს დასრულდა, მაგრამ საქმიანი ურთიერთობა ყოფილმა პარტნიორებმა მაინც შეინარჩუნეს. სწორედ ბერჟე უძღვებოდა YSL-ს ფინანსურ საკითხებს, მაშინ როცა დიზაინერი მხოლოდ შემოქმედებასა და საკუთარი იდეების განხორციელებაზე ფიქრობდა.
განსაკუთრებით წარმატებული სენ-ლორენისთვის 1983 წელი აღმოჩნდა, რადგან ჯერ კოლექციებმა მოიპოვეს პოპულარობა, მერე კი, პირველი დიზაინერი გახდა, ვისი პერსონალური გამოფენაც სიცოცხლეშივე მოეწყო მეტროპოლიტენ-მუზეუმში. ექსპოზიციამ, რომლის ბილეთები ორი თვით ადრე შეიძინა ელიტარულმა პუბლიკამ, 150 საუკეთესო მოდელი გააერთიანა და დიზაინერის თაყვანისმცემელთა მოწონება დაიმსახურა, თუმცა სენ-ლორანმა ყველა დააიმედა, რომ უზარმაზარი წარმატების მიუხედავად, „გამოფენა მხოლოდ დასაწყისი იყო და არა ტრიუმფალური დასასრული“.
დიზაინერს ძალიან უყვარდა ძაღლები და განსაკუთრებით ფრანგული ბულდოგის ჯიში. პირველი ძაღლი, რომელიც ყველგან თან დაჰყავდა, ტრაგიკულად დაიღუპა, რადგან პატრონის მიერ ერთ-ერთ წვეულებაზე შემთხვევით იტაკზე დაბნეული ნარკოტიკული აბებით მოიწამლა. დეპრესიაში ჩავარდნილმა სენ-ლორანმა, რომელმაც იმდენად მძიმედ გადაიტანა ოთხფეხა მეგობრის დაკარგვა, რომ მეგობრები შიშობდნენ, საერთოდ ვერ გადარჩებოდა, სწრაფად მოიძია მისი შემცვლელი და სწორედ ის აქცია კომპანიონად და ერთგულ მეგობრად. მეოთხე და უკანასკნელმა ბულდოგმა კი, არა მხოლოდ პატრონი „გამოიტირა“, არამედ აუქციონსაც დაესწრო, სადაც სენ-ლორანის კუთვნილი ნივთები გაიყიდა.
1998 წელს საფრანგეთში გამართული ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის წინ, პარიზის სტადიონზე Stade de France-ზე Yves Saint Laurent-ის სახლის 300 მოდელმა მოაწყო დეფილე, რომელთა შორის ნიკოლ სარკოზის მეუღლემ კარლა ბრუნიმ, ჯორჯ კლუნის ყოფილმა საყვარელმა სელინ ბალიტრანმა და მოდელმა ლეტიცია კასტამაც მოიწონეს თავი. როგორც აღმოჩნდა, ჩემპიონატის ორგანიზატორებმა სწორედ სენ-ლორანის მოდელების რეტროსპექტივით აღნიშნეს მისი 40-წლიანი შემოქმედება.
სხვათა შორის, მე-20 საუკუნის უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატი ფრანგი ფეხბურთელებისთვისაც იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან 3:0 სძლიეს ბრაზილიელებს და მუნდიალის თასიც მოიპოვეს.
მეტად ძვირადღირებული მავნე ჩვევების მიუხედავად, რადგან ნარკოტიკებზე დამოკიდებული სენ-ლორანი მუდმივად ახალ და აკრძალულ ნივთიერებებს უსინჯავდა გემოს, მოდელიერმა მაინც მოახერხა არანაკლებ ძვირადღირებული ფერწერული ტილოების კოლექციის შეგროვება, რომელმაც პაბლო პიკასოს, ანრი მატისის და ძველბერძენი სკულპტორების ნამუშევრები გააერთიანა. უძვირფასესი კოლექცია სენ-ლორანის გარდაცვალების შემდეგ, 2009 წელს გაიყიდა აუქციონზე. პიერ ბერჟეს განცხადებით, რომელმაც ბოლო წუთამდე უერთგულა ძველ მეგობარს, „კოლექციამ იმ წუთას დაკარგა ღირებულება, როცა მისი მფლობელი გაქრა ამ სამყაროდან“. სხვათა შორის, კოლექციიდან მიღებული შემოსავალი, რომელმაც 350 მილიონ ევროს გადააჭარბა სრულად გადაეცა შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საქველმოქმედო ფონდს.
როგორც აღმოჩნდა, დიზაინერი ყოველი კოლექციისთვის 1000-მდე ესკიზს აკეთებდა ორ კვირაში, რომელთაგან საბოლოოდ მხოლოდ 200 ირჩევდა და მაქსიმუმ 60 დღეს ხარჯავდა შეკერვაზე. სწორედ ამ რეჟიმით მუშაობდა სენ-ლორანი მთელი კარიერის მანძილზე, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ „ტრაპეციად“ წოდებული სილუეტის ავტორმა არა მხოლოდ მამაკაცის სამოსით - სმოკინგით, ტყავის პიჯაკით და ფართოტოტიანი კომბინეზონით გაამდიდრა ქალბატონების გარდერობი, არამედ სრულიად ახალი - მოცულობითი ბაფთები, ჩექმა-ბოტფორდები, კაბები აბსტრაქტული ნახატებით და ეთნო-აფრიკული მოტივებით გაფორმებული სამოსი დაამკვიდრა მოდაში, მანვე შემოიღო ე.წ. საფარის და უნისექსის სტილი, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა 21-ე საუკუნეში მოიპოვა.