რაგბი | საქართველო რაგბი ევროპის ფინალისთვის პორტუგალიაში მოემზადება - Palitra News

რაგბი | საქართველო რაგბი ევროპის ფინალისთვის პორტუგალიაში მოემზადება

2023-03-14 10:09:58+04:00

19 მარტს ბორჯღალოსნები პორტუგალიის საზღვართან მდებარე ესპანეთის ქალაქ ბადახოსში, 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიას ერკინებიან და თასის მე-15-ედ მოპოვებას ეცდებიან.

წელს პირველად, თასის მოსაპოვებლად ლევან მაისაშვილის შეგირდებს ფინალის მოგება მოუწევთ. ისე მოხდა, რომ ფინალში გამარჯვება საქართველოსთვის მე-100 იქნება რაგბი ევროპის ჩემპიონატზე (99 მოგება, 5 ფრე, 13 მარცხი); გარდა ამისა, ბორჯღალოსნები მიჯრით მე-6-ედ შემართავენ თასს, რაც 2011-2016 წლების რეკორდის გამეორება იქნება.

ჩვენი გუნდი გადამწყვეტი მატჩისთვის მოსამზადებლად პორტუგალიაში კვირას გამთენიისას გაემგზავრა:„ფინალი ერთი თამაშია და თავისი სპეციფიკით გამოირჩევა, რაც მას დაძაბულობას მატებს. აქ ნებისმიერი შეცდომა ძვირად ფასობს და მაქსიმალური ყურადღება გვმართებს. გასათვალისწინებელია ჩვენგან დამოუკიდებელი ფაქტორები, როგორიცაა ამინდი, მაყურებელი, მსაჯობა და ა.შ. ჩვენი ვალდებულებაც ისაა, რომ თამაში ამ ყველაფრის გათვალისწინებით მოვიგოთ. მართალია პორტუგალიას მსოფლიო თასზეც ვეთამაშებით, მაგრამ იქამდე დიდი დროა. თანაც ეს სატიტულო თამაშია და მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ. მნიშვნელოვანია, რომ მათაც და ჩვენც დავინახოთ სად არის ქართული რაგბი და სად არიან ისინი. ამ თამაშით პორტუგალიას მსოფლიო თასზე ჩვენთან წარმატების მიღწევის ყველანაირი იმედი უნდა მოვუსპოთ“.

ბორჯღალოსნებს პორტუგალიასთან აქამდე 24-ჯერ უთამაშია და მათგან 17-ში გამარჯვება იზეიმა, 3 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. მეტოქემ ჩვენთან წარმატებას ბოლოს 2005 წელს მიაღწია, მას შემდეგ კი 17-მატჩიანი წაუგებელი სერია (14 მოგება და 3 ფრე) მოგვიგროვდა.