მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მოკრივე მუჰამედ ალი, რომელმაც რამდენიმე უნიკალური ბრძოლა გამართა რინგზე და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ისტორიაში, სამართლიანადაა მიჩნეული "საუკუნის სპორტსმენად" - Palitra News

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მოკრივე მუჰამედ ალი, რომელმაც რამდენიმე უნიკალური ბრძოლა გამართა რინგზე და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ისტორიაში, სამართლიანადაა მიჩნეული "საუკუნის სპორტსმენად"

2023-04-27 11:54:16+04:00

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მოკრივე მუჰამედ ალი, რომელმაც რამდენიმე უნიკალური ბრძოლა გამართა რინგზე და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ისტორიაში, სამართლიანადაა მიჩნეული „საუკუნის სპორტსმენად“. სწორედ მას ეკუთვნის ცნობილი გამოთქმა „პეპელასავით ფარფატი, ფუტკარივით დანესტვრა“, რადგან მძიმე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ალი საოცარ სიმსუბუქეს და პლასტიურობას, თუმცა უძლიერეს და უზუსტეს დარტყმას ფლობდა.

ლეგენდარულმა მოკრივემ, რომელიც ათასობით მიმდევრისთვის იქცა ეტალონად, სამუდამოდ შეცვალა კრივის ფილოსოფია და ათწლეულების მანძილზე განსაზღვრა მისი განვითარება, თუმცა ალი არა მხოლოდ ბრწყინვალე სპორტსმენი, არამედ საოცრად ქარიზმატული პიროვნება იყო, რომელიც ისეთივე შემართებით იბრძოდა სოციალურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც რინგზე.

„მონის სახელი“

კასიუს მარელუს კლეი უმცროსი 1942 წლის 17 იანვარს დაიბადა კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში დიასახლის ოდეტა რობინსონის და პლაკატების მხატვრის კასიუს კლეი უფროსის ოჯახში. მომავალმა მოკრივემ მამის - გათავისუფლებული მონის შთამომავლის წყალობით და პლანტატორის, მე-19 საუკუნის ცნობილი პოლიტიკოსისა და აბოლიციონისტის კასიუს მარელუს კლეის პატივსაცემად შეიძინა სახელი.

მართალია, პლანტატორი კლეი ყოველთვის მონობის წინააღმდეგ ილაშქრებდა, საკუთარი პლანტაციებიდან კი, 400-მდე უუფლებო გაათავისუფლა, მაგრამ თავად მოკრივე იყო უკმაყოფილო, რადგან თვლიდა, რომ „მონის სახელი“ ჰქონდა, ამიტომ 1964 წელს, აფროამერიკული ისლამის სულიერი ლიდერის და შავკანიანთა უფლებების დამცველის მალკოლმ იქსის საქმიანობით შთაგონებულმა ჯერ ისლამი მიიღო, მერე ორგანიზაციას „ისლამურ ნაციას“ შეუერთდა, დაუფიქრებლად თქვა უარი დაბადებით მიღებულ სახელზე და მუჰამედ ალი დაირქვა.

ირლანდიური წარმომავლობა

ალი ყოველთვის განსაკუთრებული ანტიპათიით გამოირჩეოდა თეთრკანიანების მიმართ, რაც ცოტა გასაკვირია, რადგან მისი დიდი ბაბუა დედის მხრიდან - ეიბ გრეიდი ირლანდიელი ემიგრანტი იყო, რომელიც მე-19 საუკუნეში დასახლდა კენტუკიში და კანონიერად იქორწინა გათავისუფლებულ მონაზე, შავკანიან მარისა სანგრიდზე. სხვათა შორის, 2009 წელს მუჰამედი თავად ეწვია ირლანდიის პატარა ქალაქ ენისეს და ისტორიულ სამშობლოსთან ერთად ნათესავებიც მოინახულა.

ბავშვობა

კასიუსის ოჯახი შავკანიანთა საშუალო ფენას მიეკუთნებოდა. მართალია, მშობლები უფრო მომჭირნედ ცხოვრობდნენ, ვიდრე იმავე საშუალო კლასის წარმომადგენელი თეთრკანიანები, მაგრამ არასდროს უჭირდათ, რადგან მამას ყოველთვის ჰქონდა სამუშაო, ინტენსიურად ხატავდა აბრებსა და პლაკატებს, დედა კი, პერიოდულად მუშაობდა შეძლებულ თეთრკანიანებთან, ალაგებდა მათ სახლებს და ამზადებდა სადილს, მეტიც, 1950-იანი წლებში მშობლებმა პატარა სახლიც კი შეიძინეს შავკანიანთა კეთილმოწყობილ კვარტალში საკუთარი დანაზოგით. თანატოლებისგან განსხვავებით, იშვიათად მუშაობდა თავად კლეიც, რომელიც მხოლოდ საკუთარი სურვილითა და ჯიბის ფულის შოვნის სურვილით ალაგებდა აუდიტორიებს ლუისვილის უნივერსიტეტში.

მოპარული ველოსიპედი

კასიუსის სპორტული მომავალი არასასიამოვნო ინციდენტმა გადაწყვიტა. 12 წლის კლეის საყვარელი ველოსიპედი მოჰპარეს. მოზარდმა პოლიციის განყოფილებაში განაცხადა დანაკარგის შესახებ და მართალია, ველოსიპედი ვერ დაიბრუნა, მაგრამ პოლიციელი გაიცნო, რომელიც კრივის საზოგადოებრივ ცენტრში წვრთნიდა ახალგაზრდებს. სწორედ მან შესთავაზა კასიუსს ვარჯიში, რათა ყოველთვის შეძლებოდა თავის დაცვა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მომავალ აბსოლუტურ ჩემპიონს გადააწყდა, რომელმაც ვარჯიშის დაწყებიდან ორ კვირაში აღნიშნა პირველი გამარჯვება.

კასიუსი, რომელიც მართლაც სპარტანული წესით ვარჯიშობდა, არასდროს ინდობდა საკუთარ თავს და მეტად უცნაურად ამუშავებდა დარტყმას - ახალბედა, თუმცა ენთუზიაზმით სავსე მოკრივე მეგობარს სთხოვდა ქვების სხვადასხვა მხრიდან, აუცილებლად მოულოდნელად სროლას და სწორედ მათგან თავის არიდებით ავითარებდა სისწრაფეს.

მოყვარული მოკრივის რანგში ალიმ 108 ბრძოლა ჩაატარა და 100 გამარჯვებით დაასრულა. ამასთანავე, ექვსჯერ მიიღო მონაწილეობა შტატის ჩემპიონატში „კენტუკის ოქროს ხელთათმანები“, 1960 წელს კი, ოქროს მედლით დაჯილდოვდა რომის ოლიმპიურ თამაშებზე.

ოლიმპიური მედალი

უამრავი ჭორი გავრცელდა ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებულ მედალზე. მართალია, 1975 წელს ავტობიოგრაფიულ წიგნში „უდიდესი: ჩემი ისტორია“ თავად ალიმ აღნიშნა, რომ ლუისვილში დაბრუნებულმა მედალი ოჰაიოს მდინარეში გადააგდო და სწორედ ასე გამოხატა პროტესტი მშობლიურ ქალაქში გამეფებული რასიზმის წინააღმდეგ, მაგრამ არსებობს ვერსია, რომ მსგავსი ისტორია ალიმ თავად მოიგონა მედლის შემთხვევით დაკარგვის შემდეგ. ასეა თუ ისე, 1996 წელს ატლანტაში მოწყობილ ოლიმპიურ თამაშებზე მოკრივემ იდენტური მედალი მიიღო დაკარგულის სანაცვლოდ.

აღსანიშნავია, რომ სწორედ მუჰამედ ალიმ გახსნა ატლანტის ოლიმპიური თამაშები, როცა პარკინსონის დაავადების მიუხედავად აანთო ოლიმპიური ცეცხლი, რაც პოპულარული გამოცემის Sports Illustrated კორესპონდენტმა „სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ და ამაღელვებელ მომენტად“ შეაფასა.

ალბომი The Greatest

უცნაური გამონათქვამებით ცნობილმა ალიმ ლექსიც კი დაწერა, რომელშიც თავს იქებდა, მეტოქეებს კი აქილიკებდა. მართალია, ერთგვარი გარითმული ცინიკური ფრაზები პუბლიკამ „უწყინარ ბოდვად“ შეაფასა, მაგრამ ძალიან მოიწონეს ცნობილი ლეიბლის Columbia Records-ის მესვეურებმა, რომელთაც 1963 წელს მთელი ალბომი The Greatest გამოუშვეს და მსმენელს 21 წლის მოკრივის რეჩიტატივი შესთავაზეს მუსიკალური თანხლებით.

სკანდალური ორთაბრძოლა

მუჰამედ ალისა და სონი ლისტონის დაპირისპირება მძიმე წონით კატეგორიაში, რომელიც 1965 წლის მაისში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, დღემდე ყველაზე წინააღმდეგობრივ ორთაბრძოლად ითვლება კრივის ისტორიაში. ექსპერტთა, მათ შორის ცნობილი მოკრივეების ჯეკ დემპსისა და როკი მარჩიანოს მტკიცებით, ორთაბრძოლის შედეგი წინასწარ იყო განსაზღვრული, რადგან ლისტონი, რომელსაც მანამდე ნოკდაუნიც არ განეცადა, ალის დარტყმის შემდეგ პირდაპირ ნოკაუტით „დაწვა“. ეჭვი გაამყარა რეფერიმ ჯო უოლკოტმაც, რომლის მტკიცებით ალის დარტყმა საერთოდ ასცდა მიზანს, ლისტონს კი, ფეხი მოუცურდა და მხოლოდ ამიტომ აღმოჩნდა იატაკზე.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. „გაყალბებული გამარჯვების“ შემდეგ ალი მხოლოდ სამი შტატის სპორტულმა ხელმძღვანელობამ ცნო ჩემპიონად, 47-მა კი, უარი თქვა მის აღიარებაზე. მართალია, შეერთებული შტატების კონგრესმა განიხილა კანონპროექტი კრივის ფედერალური კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც წერტილს დაუსვამდა კორუფციას პროფესიონალურ კრივში, მაგრამ კანონი საბოლოოდ მაინც არ იქნა მიღებული.

უარი სამხედრო სამსახურზე

ამერიკის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიუხედავად, 1967 წელს ჯარში გაწვეულმა ალიმ მაინც უარი თქვა სამხედრო სამსახურის გავლასა და ვიეტნამში ბრძოლაზე, საკუთარი გადაწყვეტილება კი, მარტივად ახსნა და აღნიშნა, რომ „არაფერი აქვს ვიეტნამელების საწინააღმდეგო, რადგან არასდროს მიუყენებიათ მისთვის შეურაცხყოფა და არ უწოდებიათ „ზანგი“.

პროტესტი მოკრივეს ძალიან ძვირად დაუჯდა, რადგან არა მხოლოდ ხუთწლიანი პირობითი სასჯელი მიიღო, არამედ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაემშვიდობა და სამი წლით აეკრძალა რინგზე გასვლა, თუმცა დრო არ დაკარგა და მთავარი როლი შეასრულა ბროდვეის მიუზიკლში „თეთრი დოლარები“. მართალია, ნაკლებად წარმატებული დადგმა ოთხ დღეში გაუქმდა, მაგრამ ალის არტისტული ნიჭი, რომელმაც მებრძოლი შავკანიანი პროფესორი განასახიერა, მაინც დადებითად შეფასდა.

პირველი მარცხი

1971 წელს Madison Square Garden-ის სპორტულ კომპლექსში ჯო ფრეიზერისა და მუჰამედ ალის ორთაბრძოლა შედგა, რომელმაც მოგვიანებით „საუკუნის დაპირისპირების“ სახელი შეიძინა, რადგან იმ პერიოდისთვის უზარმაზარი ჰონორარის - 5 მილიონი დოლარის მიუხედავად, ალიმ პროფესიონალური კარიერის მანძილზე პირველი მარცხი განიცადა, თუმცა, მოკრივემ მაინც შეძლო რევანშის აღება შემდეგ ორ შეხვედრაში, რომლებიც მისი სრული უპირატესობით გაიმართა და სუფთა გამარჯვებით დასრულდა.

მართალია, 1978 წელს ლეონ სპინგსთან გამართული ბრძოლის შემდეგ ალიმ, რომელმაც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა 15-რაუნდიან ორთაბრძოლაში და სამგზის მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა, ხანგრძლივი შვებულების აღება და დასვენება გადაწყვიტა, მაგრამ ახლობლებსა და გარემოცვაზე დახარჯულმა ფინანსებმა, რომელმაც კარიერის მანძილზე 50 მილიონი დოლარი შეადგინა, ისევ რინგზე დაბრუნება აიძულა.

ალი ენთუზიაზმის გარეშე შეუდგა ვარჯიშს, რადგან ნაკლებად უნდოდა ბრწყინვალე ფიზიკურ ფორმაში მყოფ ლარი ჰოლმსთან დაპირისპირება. როგორც ჩანს წინათგრძნობამ გაამართლა, რადგან მოკრივემ ვერც ჩვეული ოსტატობის ჩვენება შეძლო, ვერც თავის დაცვა და მე-11 რაუნდში პირველად და უკანასკნელად დამარცხდა ნოკაუტით. ამასთანავე, სწორედ ჰოლმსთან დაპირისპირებაში გამოვლინდა მისი დაავადების - პარკინსონის პირველი სიმპტომები.

ლეგენდარული ხელთათმანი

2013 წელს, სონი ლისტონის წინააღმდეგ გამართული ორთაბრძოლიდან ზუსტად 50 წლის შემდეგ, ხელთათმანები, რომლითაც ალიმ მსოფლიო ჩემპიონის პირველი ტიტული მოიპოვა აუქციონზე გაიყიდა. მართალია, მყიდველმა ანონიმად არჩია დარჩენა, მაგრამ ფინანსები ნამდვილად არ დაიშურა და იშვიათი სუვენირის შესაძენად 836 ათასი დოლარი გადაიხადა. აღსანიშნავია, რომ თავად ალის ჰონორარმა ლეგენდარულ ბრძოლაში მხოლოდ 630 ათასი შეადგინა.

„ძღვენი მუჰამედ ალის“

ბრწყინვალე საჩუქარი გაუკეთა ბენედიქტ ტაშენის ცნობილმა გამომცემლობამ ალის თაყვანისმცემლებს, როცა წიგნი „ყველა დროის უდიდესი სპორტსმენი: ძღვენი მუჰამედ ალის“ მოამზადა. აღსანიშნავია, რომ გამოცემამ, რომელიც 34 კილოგრამს იწონის და Louis Vuitton-ის ბრენდის ტყავითა და აბრეშუმითაა გაფორმებული, 780 გვერდი და 3 ათასი ილუსტრაცია გააერთიანა.

დიდების სამი დღე

75 წლის მუჰამედ ალი 2016 წლის 3 ივლისს გარდაიცვალა. მართალია, ფილტვების გამწვავებული დაავადებით დამძიმებული მოკრივე წინა დღეს გადაიყვანეს კლინიკაში, მაგრამ მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.

ალი მშობლიურ ლუისვილში დაიკრძალა, სადაც მერის განკარგულებით რამდენიმე დღით დაეშვა შტატის და ქალაქის დროშები. ოჯახის წევრების განცხადებით, მოკრივემ თავად შეიმუშავა საკუთარი დაკრძალვის გეგმა. ორდღიანი ცერემონია KFC Yum-ს არენაზე გაიმართა, სადაც 1981 წელს ალიმ უკანასკნელი ბრძოლა გამართა მშობლიურ ქალაქში.

უჩვეულო აღმოჩნდა დაკრძალვის პროცესიაც, რადგან მთელი ლუისვილი, ყველა ის ღირსშესანიშნავი ადგილი გაიარა - სახლისა და მუზეუმის ჩათვლით, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს მოკრივის ცხოვრებაში.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან ლუისვილში, მუჰამედ ალის ცენტრში „დიდების სამი დღე“ ეწყობა, რომლითაც თაყვანისმცემლები პატივს მიაგებენ „ყველა დროის უდიდესი სპორტსმენის“ ხსოვნას.