საბერძნეთის საპარალამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს - Palitra News

საბერძნეთის საპარალამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

2023-05-22 09:09:17+04:00

საბერძნეთში ჩატარებული საპარალამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, არჩევნებში კონსერვატორი პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის პარტია „ახალი დემოკრატია“ ლიდერობს.

Reuters-ის ინფორმაციით, თითქმის ყველა ბიულეტენი უკვე დათვლილია და წინასწარი შედეგების თანახმად, პარტიამ, „ახალი დემოკრატია“, ხმების 40.8%, მისმა მთავარმა კონკურენტმა - მემარცხენე პარტია „სირიზამ“ კი - 20.1% მოიპოვა.

ამასთან, პრემიერის პარტიამ პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებისთვის საჭირო რაოდენობის ხმები ვერ მიიღო. დღეიდან, საბერძნეთის პრეზიდენტი კატერინა საკელაროპულუ, არჩევნების შედეგების მიხედვით პირველ სამ ადგილზე გასულ პარტიებს - „ახალ დემოკრატიას“, „სირიზასა“ და სოციალისტურ „პასოკს“ - სამ დღეს მისცემს კოალიციური მთავრობის შესაქმნელად.

თუ კოალიციის შექმნას ვერცერთი მათგანი მოახერხებს, პრეზიდენტი დროებით მთავრობას დანიშნავს, რომელიც დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ახალ არჩევნებს მოამზადებს.