იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე „ინტერს“ უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით, 3-1 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა შემტევი ხვიჩა კვარაცხელია მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ის 84-ე წუთზე შეცვალეს. მატჩის სტარტზე ორივე გუნდი ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას და ბურთთან მეტი დროის გატარებას, თუმცა ტაიმის შუაში, უპირატესობა „ნაპოლიმ“ მოიპოვა, თუმცა ნეაპოლიტანელებს მეტოქის კართან სახიფათო მომენტის შექმნა უჭირდათ. მცველებს განსაკუთრებული ყურადღება ქართველი შემტევისკენ ჰქონდათ გადმოტანილი, როდესაც ის ბურთს იღებდა მასთან 3 მეტოქე ჩნდებოდა, მაგრამ ხვიჩამ პირველივე ტაიმში რამდენიმე ეფექტური მოძრაობით დაამახსოვრა გულშემატკივარს თავი. 41-ე წუთზე „ინტერი“ მინდორზე 10 კაცით დარჩა, ანგისას წინააღმდეგ უხეშობის გამო გალიარდინიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. მეორე ნახევარში, „ნაპოლი“ კიდევ უფრო გაატიურდა, თუმცა მილანელთა მეკარე ანდრე ონანა მოწოდების სიმაღლეზე იყო, კამერუნელმა კარის დარაჯმა ორჯერ ხვიჩა კვარაცხელიასაც აჯობა. საბოლოოდ ანგარიში მასობრივი შეტევის შემდეგ 67-ე წუთზე ზამბო ანგისამ გახსნა.
სამხრეთელებმა ანგარიში მალევე გაზარდეს ორამდე ხვიჩა კვარაცხელიას ზუსტი გადაცემის შემდეგ ჯოვანი სიმეონემ გაიტანა, თუმცა არბიტრმა მანამდე თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა. ამის შემდეგ „ინტერი გაატიურდა“ და საბოლოოდ 82-ე წუთზე დიმარკოს გამჭოლი გადაცემით ლუკაკუმ ისარგებლა. ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ შეხვედრა ფრედ დასრულდებოდა, მაგრამ 85-ე წუთზე „ნაპოლის“ კაპიტანმა დი ლორენცომ საჯარიმოს გარედან შესანიშნავად დაარტყა და მასპინძლები დააწინაურა, 94-ე წუთზე კი შეცვლაზე შემოსულმა გაეტანომ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და შეხვედრა საბოლოოდ ანგარიშით 3:1 დასრულდა.
„ნაპოლიმ“ ამ გამარჯვების შემდეგ სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში 19-ვე გუნდის დამარცხება შეძლო და რეკორდი დაამყარა. ნაპოლიმ ჩემპიონობა ისე მოიპოვა, რომ ყველა გუნდს მოუგო მინიმუმ 1 შეხვედრა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი შემდეგ შეხვედრას 26 მაისს „ბოლონიას“ წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ჩემპიონობა გაინაღდა.