თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალი დღეს გაიხსნა - Palitra News

თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალი დღეს გაიხსნა

2023-05-25 15:23:37+04:00

თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალი დღეს ტრადიციულად, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" პავილიონებში გაიხსნა.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ფესტივალი ტრადიციულ ფორმატსა და მასშტაბებს სრულად უბრუნდება. შესაბამისად, მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება ქართული და უცხოური გამომცემლებისა და წიგნთან დაკავშირებული ორგანიზაციების მთავარი სტენდები, მე-6 პავილიონში კი თავმოყრილი იქნება საბავშვო წიგნები და აქსესუარები. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა როგორც მთავარი სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ასევე საბავშვო შემეცნებით-გასართობი სივრცე ფესტივალის პატარა დამთვალიერებლებისთვის.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნის ფესტივალია, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ათიათასობით გულშემატკივარი და დამთვალიერებელი ჰყავს.

ფესტივალს ყოველწლიურად 100 000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობს, მონაწილეობს 200-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია.