დიაბეტური რეტინოპათია - დაავადება, რომელიც სიბრმავეს იწვევს - Palitra News

დიაბეტური რეტინოპათია - დაავადება, რომელიც სიბრმავეს იწვევს

2023-07-05 13:53:02+04:00

დიაბეტის მქონე პაციენტებში თვალების დაავადებები 25-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ზოგადად პოპულაციაში. შაქრიან დიაბეტმა შეიძლება დააზიანოს როგორც თვალის ფსკერი, ასევე თვალის ბროლი და თვალის ქუთუთოები. ხშირია გლაუკომის განვითარება. დიაბეტის დროს თვალის ფსკერის დაზიანებას – დიაბეტური რეტინოპათია ეწოდება.

დიაბეტური რეტინოპათია მხედველობის დაქვეითების და სიბრმავის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია მსოფლიოში.

ბადურა თვალის მთავარი ორგანოა და მისი დაზიანება იწვევს მხედველობის შეუქცევად დაქვეითებას. პათოლოგიური პროცესი ბადურაში უმეტესად პაციენტისთვის უსიმპტომოდ -„ჩუმად“ ვითარდება. ეს თვისება განაპირობებს დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა „დაგვიანებულ“ მიმართვას თვალის ექიმთან.

ამიტომაც დიაბეტის პირველივე აღმოჩენის დროს, დიაბეტის ტიპის, სიმძიმის და სისხლში გლიუკოზის დონის მიუხედევად, პაციენტმა უნდა დაიწყოს თვალის რეგულარული შემოწმება.