თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსი, რომლის ჩანაწერები 90 მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა, MTV Video Music Awards-ის ხუთი და Grammy-ის სამი პრემიის მფლობელია. 2018 წელს პინკი ჯერ მეოთხე პოზიციით მოხვდა Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი შემსრულებლების რეიტინგში, მერე ჟურნალ People-ის მიერ დასახელდა წლის ულამაზეს ქალბატონად, ერთი წლის შემდეგ კი, სახელობითი ვარსკვლავი მიიღო ჰოლივუდის ‘’დიდების ხეივანში’’.
ალიშა ბეტ მური 1979 წლის 8 სექტემბერს დაიბადა პენსილვანიის შტატის ქალაქ აბინგტონში. ბავშვობის ყველაზე დიდ ტკივილად მომავალი მუსიკოსისთვის მშობლების განქორწინება იქცა. 7 წლის ალიშამ ძალიან განიცადა მამის სახლიდან წასვლა, რადგან ჯეიმსი, რომელიც ვიეტნამის ომში იბრძოდა ნამდვილი კერპი იყო შვილისთვის.
მამას ხშირად დაჰყავდა პატარ ალიშა შეხვედრებზე, სადაც ვეტერანები მძიმე მოგონებებს უზიარებდნენ ერთმანეთს, მღეროდნენ და უკრავდნენ გიტარაზე. პინკის განცხადებით, თვითონაც მამის წყალობით დაინტერესდა მუსიკით, რადგან სწორედ ჯეიმსს უნდოდა, რომ მისი ერთადერთი ქალიშვილი მუსიკოსი გამხდარიყო.
ყოველთვის ურჩ და მოუსვენარ ალიშას ვერც დედა ერეოდა, ვერც მასწავლებლები, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ 14 წლის მოზარდი, რომელიც საავტორო კომპოზიციებით გამოდიოდა ღამის კლუბებში და აქტიურად მოიხმარდა როგორც ალკოჰოლს, ისე ნარკოტიკებს, ჯერ სკოლიდან გააძევეს, მერე სახლიდან. დამოუკიდებლად ცხოვრების სურვილით ალიშამ მაკდონალდსის რესტორანში დაიწყო მუშაობა, თუმცა იქიდანაც რამდენიმე დღეში გააგდეს, რადგან მუშაობის ნაცვლად მხოლოდ ჰამბურგერს მიირთმევდა უსაზღვრო რაოდენობით.
სამუშაოს გარეშე, ქუჩაში დარჩენილმა ალიშამ ნარკოტიკებით დაიწყო ვაჭრობა. არავინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდებოდა მოზარდის მომთაბარეობა, რომ არა საბედისწერო შემთხვევა. ნარკოტიკების ზედმეტი დოზის მიღების შემდეგ 16 წლის ალიშა მხოლოდ საოცრებით გადაურჩა სიკვდილს და სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ დრო იყო რადიკალურად შეეცვალა საკუთარი ცხოვრება.
თავნებობისა და ურჩი ხასიათის მიუხედავად, უხერხულ სიტუაციაში აღმოჩენილი ალიშა ხშირად იბნეოდა და დამორცხვებული წითლდებოდა. გოგონას ერთიანად ედებოდა ლოყებზე ალმური, რის გამოც მეგობრებისგან ‘’პინკის’’ მეტსახელი შეიძინა, თუმცა არსებობს ვერსიაც, თითქოს სახელი მომავალმა მუსიკოსმა კვენტინ ტარანტინოს ფილმის ‘’ცოფიანი ძაღლების’’ ერთ-ერთ პერსონაჟის პატივსაცემად დაირქვა.
მუსიკალური კარიერა პინკიმ, რომელიც ბავშვობიდან ეთაყვანებოდა მადონას და ხშირად არწმუნებდა ნაცნობებს, თითქოს მისი ნამდვილი დედა სწორედ მადონა იყო, 1995 წელს დაიწყო R&B-ჯგუფის Choice-ის შემადგენლობაში. კოლექტივმა მოზარდი გოგონების შემადგენლობით მხოლოდ ერთი ალბომი Key to My Heart ჩაწერა კომპანია LaFace Records-ში, მერე კი დაიშალა, თუმცა ლეიბლთან თანამშრომლობა გააგრძელა ალიშამ, რომელიც სწორედ პინკის ფსევდონიმით შეუდგა სოლო კარიერაზე ზრუნვას.
პირველი სინგლი There You Go, რომელიც 2000 წელს გამოსულ ალბომში Can't Take Me Home შევიდა, მუსიკოსმა R&B-ს სტილში ჩაწერა. მართალია, სინგლმაც და ალბომმაც დადებითი შეფასება დაიმსახურა, მაგრამ თავად პინკი იყო უკმაყოფილო, რადგან რიტმ’ენდ’ბლუზი ზედმეტად მსუბუქი ჟანრი აღმოჩნდა მისთვის, ამიტომ მეორე ალბომი Missundaztood, პირველისგან რადიკალურად განსხვავებული ჟღერადობით ჩაწერა პოპ-როკის სტილში.
მართალია, მესამე ალბომი Try This კომერციულად ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მხოლოდ 3 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა, მაგრამ სწორედ ალბომში შესული სინგლის Trouble-ს წყალობით მიიღო პინკიმ ‘’გრემის’’ პირველი პრემია საუკეთესო პოკ-სიმღერის ნომინაციაში. საინტერესო და მრავალფეროვანი გამოვიდა ალბომები I'm Not Dead და Funhouse, მით უფრო, რომ სინგლები Stupid Girls და Who Knew, Please Don't Leave Me და Glitter in the Air რამდენიმე კვირა ლიდერობდნენ ამერიკულ ჩარტებში.
ათლეტური აღნაგობის მიუხედავად, პინკი ბავშვობიდან სიმსუქნისკენ იყო მიდრეკილი. მართალია, მუსიკოსი მუდმივად ლიდერობს ულამაზესი ქალბატონების რეიტინგებში, მაგრამ საკმაოდ ძვირი უჯდება ფორმის შენარჩუნება. 2011 წელს BMI Awards-ის დაჯილდოებაზე პინკი თავისუფალ სამოსში გამოწყობილი გამოჩნდა, რამაც სერიოზული მითქმა-მოთქმა გამოიწვია, არ დაიზარა მუსიკოსის ჭარბი წონის განხილვა არც ყვითელმა პრესამ, თუმცა დანარჩენებს არც თავად პინკი ჩამორჩა, რომელმაც ამაყად განაცხადა, რომ ‘’ყველაფრით სავსე ცხოვრებით ცხოვრობს, ძალიან უყვარს გემრიელად მირთმევა და საერთოდ არ აინტერესებს რას ფიქრობს მასზე პუბლიკა’’.
პინკი PETA-ს წევრი და ცხოველთა აქტიური დამცველია. 2009 წელს მუსიკოსმა ჯერ ბრიტანეთის პრინცს უილიამს მისწერა წერილი და მელიებზე ნადირობისთვის გაკიცხა, მერე ელისაბედ მეორე გააკრიტიკა დათვის ბეწვის გამოყენებისთვის, რომლითაც დედოფლის გვარდიელთა ფორმა იკერება. არ დაინდო პინკიმ არც ბიონსე, რომელსაც ბეწვის ქურქების სიყვარულის გამო გემოვნება დაუწუნა და ‘’მდაბიო პროვინციალი’’ უწოდა.
მომავალი მეუღლე - ავტომრბოლელი კერი ჰარტი პინკიმ 2001 წელს გაიცნო და დაქორწინებაც თვითონ შესთავაზა. მუსიკოსმა პირდაპირ რალის დროს გამოჭიმა პლაკატი მრავლისმთქმელი წარწერით ‘’არ გინდა ცოლად მომიყვანო?!’’ რა თქმა უნდა, ჰარტმა ვერ გაუძლო მაცდუნებელ წინადადებას, თუმცა მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ იქორწინა საყვარელ ქალზე. წყვილს ორი შვილი - 12 წლის უილოუ და 7 წლის ჯეიმისონი ჰყავს.
სხვათა შორის, ერთ-ერთ ინტერვიუში პინკიმ აღიარა, რომ დიდხანს გაურბოდა ოჯახურ ცხოვრებაზე ფიქრს, რადგან შიშობდა, რომ ვერც კარგი დედა იქნებოდა, ვერც კარგი მეუღლე. თუმცა, შვილების შეძენის შემდეგ მიხვდა, რომ სწორედ დედობა იყო ყველაზე დიდი ბედნიერება ნებისმიერი ქალისთვის.
ბრიტანელმა მსახიობმა, სერ დენიელ დეი-ლუისმა, რომელიც კრიტიკოსებმა თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ არტისტად დაასახელეს, უამრავ პრესტიჟულ ჯილდოს მოუყარა თავი 40-წლიანი კარიერის მანძილზე. დეი-ლუისი ბრიტანეთის კინოაკადემიის ოთხი პრემიის, კინომსახიობთა ამერიკული გილდიის სამი ჯილდოს, ორი ‘’ოქროს გლობუსის’’ და რეკორდული სამი ‘’ოსკარის’’ მფლობელია მამაკაცის საუკეთესო როლის ნომინაციაში, 2014 წელს კი, დრამატულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა რაინდ-ბაკალავრის წოდებით.
ლონდონის რესპექტაბელურ რაიონში დაბადებული დენიელი, რომელიც ცნობილი პოეტის სესილ დეი-ლუისისა და მსახიობის ჯილ ბელკონის ოჯახში გაიზარდა, ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდა სასცენო ხელოვნებით.
ოჯახის გრინვიჩში გადაბარგების შემდეგ დენიელს ადგილობრივ სკოლაში მოუწია ჩაბარება, სადაც პირველად შეხვდა სამხრეთ ლონდონის რთულ მოზარდებს, რომელთაც ერთის მხრივ, ებრაული, მეორეს მხრივ, არისტოკრატული წარმომავლობის გამო აიგდეს მასხრად. თავდაცვისა და თანატოლებში გაშინაურების სურვილით დენიელმა მათი ჩვევების, აქცენტისა და საუბრის მანერა სწავლა გადაწყვიტა და პოპულარობასთან ერთად პატივისცემაც სწრაფად დაიმსახურა. თავად მსახიობის განცხადებით, სწორედ მაშინ მოირგო პირველად როლი, რომელზეც დიდხანს, გულდასმით იმუშავა და დამსახურებული აღიარებაც მოიპოვა.
მცირეწლოვანი დენიელი ჯერ მოზარდთა ნაციონალურ თეატრში დადგმულ სპექტაკლებში მონაწილეობდა, მერე ბრისტოლის თეატრალურ სკოლაში Old Vic ჩაირიცხა. პრესტიჟულ სასწავლებელში მიღებული ტრადიციული განათლების მიუხედავად, დეი-ლუისი მაინც იმ არტისტული მეთოდის მიმდევარი აღმოჩნდა, რომელიც როლისთვის ხანგრძლივ მზადებას ითვალისწინებს. მეტიც, ბუნებრიობისა და გულწრფელი ემოციების შესანარჩუნებლად მსახიობი მთელი სამუშაო პროცესის მანძილზე საკუთარი პერსონაჟის ამპლუაში რჩებოდა, რაც ხშირად სერიოზულ ზიანს აყენებდა მის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ დეი-ლუისი ყოველთვის გულდასმით ირჩევდა როლებს და ხანგრძლივ არდადეგებს აწყობდა გადაღებებს შორის.
მართალია, 2017 წელს მსახიობმა ოფიციალურად განაცხადა კარიერის დასრულების შესახებ, მაგრამ კინომანები დარწმუნებული არიან, რომ საინტერესო როლის შეთავაზების შემთხვევაში დეი-ლუისი ცდუნებას ვერ გაუძლებს და ისევ დაუბრუნდება საყვარელ საქმეს.
1980-იანი წლების დასაწყისში დეი-ლუისი შექსპირის სამეფო თეატარის დასს შეუერთდა და მთავარი როლები შეასრულა ინგლისელი დრამატურგის ყველაზე ცნობილ პიესებში ‘’რომეო და ჯულიეტა’’, ‘’ზაფხულის ღამის სიზმარი’’, თუმცა 1989 წელს ჰამლეტის განსახიერებისას, ეპიზოდში როცა ჰამლეტი მამის აჩრდილს ხედავს, მსახიობს ისტერიული შეტევა მოუვიდა, პირდაპირ სპექტაკლის დროს დატოვა სცენა და აღარასდროს დაბრუნებულა.
დეი-ლუისის კინოდებიუტი 1971 წელს შედგა მეორეხარისხოვანი როლით დრამაში ‘’კვირადღე, წყეული კვირადღე’’. მართალია, 1980-იანი წლების დასაწყისში მსახიობი მხოლოდ ეპიზოდური როლებით კმაყოფილდებოდა, მაგრამ საინტერესო და მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა მის მიერ განსახიერებული ჯონი ბერფუტი სტივენ ფრირზის დრამაში ‘’ჩემი მშვენიერი სამრეცხაო’’, რასაც მალე სესილ ვაიზის როლი მოჰყვა მელოდრამაში ‘’ოთახი ხედით’’.
თაობის წამყვანი მსახიობის სახელი დეი-ლუისმა ფილიპ კაუფმანის ფილმში ‘’ყოფიერების აუტანელ სიმსუბუქეში’’ მონაწილეობით მოიპოვა, ჯიმ შერიდანის ბიოგრაფიული დრამის ‘’ჩემი მარცხენა ფეხის’’ წყალობით კი, 32 წლის ასაკში ‘’ოსკარისა’’ და BAFTA-ს ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი გახდა მამაკაცის საუკეთესო როლის ნომინაციაში.
1993 წელს დეი-ლუისმა მარტინ სკორსეზეს შეთავაზება მიიღო და მის ისტორიულ ფილმში ‘’უმანკოების ხანაში’’ შეასრულა მთავარი როლი, ოთხი წლის შემდეგ ყოფილი ირლანდიელი ტერორისტი განასახიერა ჯიმ შერიდანის დრამაში ‘’მოკრივე’’, მერე კი, ხანგრძლივი შვებულებით ისარგებლა და მილანში გამგზავრებული მეწაღის შეგირდად მოეწყო ფეხსაცმლის ელიტარულ ატელიეში. კინემატოგრაფიას დეი-ლუისი 2000 წელს დაუბრუნდა, ისევ სკორსეზეს თხოვნით, რომელმაც ისტორიულ-კრიმინალურ დრამაში ‘’ნიუ-იორკის ბანდები’’ შესთავაზა ბილ ქათინგის, იგივე ‘’ყასაბის’’ მეტად კოლორიტული როლის შესრულება
მართალია, სკორსეზე ყოველთვის აქტიურად ინტერესდებოდა ნიუ-იორკის კრიმინალური დაჯგუფებებით, მაგრამ ახალ ნამუშევარში ტრადიციული თემა ოდნავ განსხვავებულად განიხილა და თანამედროვე განგსტერების ნაცვლად 1860-იანი წლების ყაჩაღებზე მოუთხრო მაყურებელს, ფილმის სიუჟეტი კი, ისტორიული ფაქტებით, ქალაქური მითებითა და ლეგენდებით გაამდიდრა.
ჰერბერტ ოსბერის 1928 წელს გამოსული ‘’ნიუ-იორკის ბანდებით’’ სკორსეზე ჯერ კიდევ 1970-აინი წლების დასაწყისში დაინტერესდა, როცა შემთხვევით გადააწყდა ისტორიულ რომანს და სიუჟეტით აღფრთოვანებულმა ფილმის შექმნა გადაწყვიტა, თუმცა იმ პერიოდში ნაკლებად გავლენიან რეჟისორს არც ფინანსები ჰქონდა საკმარისი, არც მასშტაბურ ფილმებზე მუშაობის გამოცდილება, ამიტომ დროებით უარი თქვა ჩანაფიქრზე..
სანატრელ პროექტს რეჟისორი მხოლოდ 30 წლის შემდეგ დაუბრუნდა. მართალია, წარსულის მოვლენების აღსადგენად კინემატოგრაფისტები მეტწილად კომპიუტერულ ტექნიკას და სპეცეფექტებს მიმართავენ, მაგრამ ნატურალიზმის მოყვარულმა სკორსეზემ განსხვავებული გზა აირჩია და იტალიელი მხატვარი დანტე ფერეტი დაიქირავა, რომელმაც რომში, ცნობილი კინოსტუდიის Cinecittà-ს პავილიონში შექმნა 1860-იანი წლების ნიუ-იორკის კოლორიტული კვარტლის ‘’ხუთი კუთხის’’ უნიკალური დეკორაცია თავისი მაღაზიებით და საცხოვრებელი სახლებით, უზარმაზარი მოედნითა და ნავსადგურით.
სკორსეზეს ენთუზიაზმის მიუხედავად, პროექტს მაინც უამრავი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, რომელთა შორის განსაკუთრებით აქტიური ისტორიკოსი ტაილორ ენბაინდერი აღმოჩნდა. მეცნიერის მტკიცებით, დღეს უკვე ლეგენდად ქცეული კვარტლის საფრთხის გაზვიადებით, ჯერ ლიტერატურული პირველწყაროს ავტორმა ჰერბერტ ოსბერიმ დაამახინჯა ისტორიული ფაქტები, მერე სკორსეზემ გაიმეორა მისი შეცდომა, რადგან მართალია,’’ხუთი კუთხე’’ ნაკლებად სახარბიელო რეპუტაციით სარგებლობდა, მაგრამ ბევრით არაფრით განსხვავდებოდა ნიუ-იორკის სხვა რაიონებისგან, სადაც ყოველთვის მრავლად იყვნენ თაღლითები და ავაზაკები, ლოთები და მეძავები.
1970-ინი წლების ბოლოს, როცა სკორსეზე პირველად შეეჭიდა ‘’ნიუ-იორკის ბანდებს’’, მთავარ როლებზე დენ ეკროიდისა და ჯონ ბელუშის მიწვევა სურდა, მოგვიანებით, ‘’ყასაბის’’ განსახიერება უილიამ დეფოს და რობერტ დენიროს, ამსტერდამ ვალონის როლი კი, კიანუ რივზსა და მეთიუ ბროდერიკს შესთავაზა, თუმცა საბოლოო არჩევანი მაინც ლეონარდო დიკაპრიოსა და დენიელ დეი-ლუისზე შეაჩერა.
სხვათა შორის, სწორედ ‘’ნიუ-იორკის ბანდების’’ გადასაღებ მოედანზე შედგა სკორსეზესა და დიკაპრიოს პირველი შეხვედრა, რაც მოგვიანებით მეგობრობითა და რამდენიმე ერთობლივი პროექტით გაგრძელდა. ბევრად რთული აღმოჩნდა პროექტში მონაწილეობაზე დეი-ლუისის დათანხმება, რომელიც დიდხანს უარობდა და მხოლოდ დიკაპრიოსთან შეხვედრის შემდეგ დათანხმდა, როცა მომავალმა პარტნიორებმა ჯერ ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში ისაუბრეს რამდენიმე საათი, მერე კი, რესტორანში გააგრძელეს ფილმის განხილვა.
სამუშაოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით ცნობილმა დეი-ლუისმა, რომელიც ყოველთვის ინტენსიურად, გულდასმით ემზადება როლისთვის, არც ამ შემთხვევაში უღალატა საკუთარ თავს და ქუინსის საყასბოში პრაქტიკის გავლის შემდეგ, გამოცდა საუკეთესო სპეციალისტთან ჩააბარა, რომელსაც ლონდონიდან ნიუ-იორკში აიძულა ჩასვლა.
სხვათა შორის, ჟურნალ Rolling Stone-თან ინტერვიუში დეი-ლუისმა აღიარა, რომ ფილმზე მუშაობისას მხოლოდ ემინემის კომპოზიციას The Way I Am უსმენდა: "ყოველთვის იმ სიმღერის ვეძებ, რომელიც ჩემ პერსონაჟს მოერგება. ამჯერად ემინემის შემოქმედება შევარჩიე, რადგან ჩავთვალე, რომ თანამედროვე ბილი ‘’ყასაბი’’ აუცილებლად მისი თაყვანისმცემელი იქნებოდა.
‘’ყასაბ’’ ბილის, რომელსაც სინამდვილეში პულის გვარი ჰქონდა, სკორსეზემ შეგნებულად შეუცვალა გვარი ქათინგით, რითაც ხაზი გაუსვა მის უცნაურ გატაცებას - ხორცის დაკეპვის განსაკუთრებულ სიყვარულს, თუმცა ეკრანული ორეულისგან განსხვავებით რეალური ‘’ყასაბი’’ არა სამოქალაქო ომში, არამედ 1855 წელს მოკლეს მორიგი ქუჩური გარჩევისას.
ცნობილი პოლიტიკოსი იყო ჯიმ ბროდბენტის პერსონაჟი უილიამ ‘’ბოსს’’ ტვიდიც, რომელიც ტამანი-ჰოლის პოლიტიკურ საზოგადოებას ხელმძღვანელობდა. რეალური პროტოტიპები ჰყავდათ შარმერჰორნებსაც - მდიდარ წყვილს, რომელთაც სიღარიბისა და ცოდვის საკუთარი თვალით ნახვის სურვილით მოაწყვეს ექსკურსია ‘’ხუთ კუთხეში’’. სხვათა შორის, სკორსეზეს მეხუთე ცოლი ჰელენ შარმერჰორნ-მორისი, რომელზეც 1999 წელს იქორწინა, სწორედ ნიუ-იორკული ელიტის პირველი წარმომადგენლების შთამომავალია.
ჯორჯ ლუკასმა, რომელიც იმ პერიოდში’’ვარსკვლავური ომების’’ მორიგ სერიაზე მუშაობდა, აღფრთოვანება ვერ დამალა ნიუ-იორკის კვარტლად ქცეული დეკორაციის დეტალურად შესწავლისას, თუმცა შენიშნა, რომ ფინანსების დაზოგვისა და სამუშაოს გასამარტივებლად ბევრად მოხერხებული იქნებოდა კომპიუტერული გრაფიკის გამოყენება. ლუკასის რჩევა სკორსეზემ მოგვიანებით გაიხსენა, როცა შეუძლებელი აღმოჩნდა გადასაღებ მოედანზე სპილოს მიყვანა. რეჟისორმა სწორედ სპეცეფექტების ოსტატ კოლეგას მიმართა დახმარებისთვის, რომელიც ჯერ სპილოს გარეშე ხელმძღვანელობდა გადაღებებს, მერე კი, თავად შექმნა გიგანტი ცხოველის ციფრული ვერსია და ფილმის ერთადერთ ‘’კომპიუტერულ’’ პერსონაჟად აქცია.
ლეგენდარული კომპოზიტორი ელმერ ბერსტაინი, რომელმაც 200-ზე მეტი კინო- და ტელეპროექტი გააფორმა, სკორსეზეს დრამისთვის ‘’უმანკოების ხანისთვის’’ შექმნილი მუსიკისთვის კი, ‘’ოსკარის’’ პრემიით დაჯილდოვდა, ახალ ფილმზეც ჩვეული შემართებითა და ენთუზიაზმით იმუშავა, თუმცა ხანგრძლივი მონტაჟის შემდეგ, სკორსეზემ რადიკალურად შეიცვალა წარმოდგენა მუსიკალური გაფორმებაზე და ჯერ კანადელი კომპოზიტორის ჰოვარდ შორის შემოქმედებას მიმართა, მერე თანამედროვე შემსრულებლების - პიტერ გებრიელის და ჯგუფ U2-ს კომპოზიციებს, ბერსტაინის ნამუშევარი კი, მხოლოდ ფრაგმენტულად გამოიყენა.
ფილმის სრული ვერსიის ქრონომეტრაჟმა თითქმის 4 საათი შეადგინა, რაც მიუღებელი აღმოჩნდა პროდიუსერისთვის ჰარვი ვაინშტეინისთვის, რომელმაც სწორედ ფილმების უმოწყალოდ დაჭრის წყალობით შეიძინა ჰოლივუდში ‘’ჰარვი-ხელმაკრატელას’’ სახელი.
კამათი პროდიუსერსა და რეჟისორს შორის, რომელსაც არაფრით ეთმობოდა საკუთარი ნამუშევარი, ორმხრივი კომპრომისით დასრულდა. სკორსეზემ ფილმი შეამოკლა, თუმცა ქრონომეტრაჟის სტანდარტულ მოთხოვნებს მაინც გადააჭარბა, რადგან საბოლოო ვერსიამ 2 საათი და 47 წუთი შეადგინა.
მართალია, ‘’ნიუ-იორკის ბანდების’’ გამოსვლა 2001 წლის დეკემბერში იგეგმებოდა, მაგრამ საპრემიერო ჩვენება ზუსტად ერთი წლით გადაიდო, რადგან ნიუ-იორკის ცნობილი ტერაქტის შემდეგ, ფილმის შემქმნელებს არაკორექტულად მოეჩვენათ ფინალურ სცენაში სავაჭრო ცენტრის ტყუპი შენობის ჩვენება. ‘’ფილმი აუცილებლად თანამედროვე ქალაქის პანორამით უნდა დასრულებულიყო, რადგან სხვაგვარად უბრალოდ არ შედგებოდა და როცა კადრიდან კოშკების ამოღება მოგვთხოვეს, საკუთარ ჩანაფიქრზე უარის თქმას ისევ პრემიერის გადადება ვარჩიე’’, - აღნიშნა სკორსეზემ, რომელმაც 7 მილიონით გადააჭარბა წინასწარ დაგეგმილი 90-მილიონიან ბიუჯეტს, თუმცა მოგებაც სოლიდური ნახა, რადგან "ნიუ-იორკის ბანდებმა" თითქმის 194 მილიონი დოლარი მოაგროვა მსოფლიო გაქირავებაში
700-ზე მეტი პატენტისა და ინოვაციის ავტორი ნიკოლა ტელსა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი გამომგონებელია, რომელმაც მთელი 100 წლით გაუსწრო საკუთარ ეპოქას, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მისი გენიალური აღმოჩენების ნაწილი დღემდე შეუსწავლელია, ნაწილი კი, საერთოდ უკვალოდ გაქრა, რამაც პირველ რიგში მდიდარი წარმოსახვის კონსპიროლოგებსა და ფანტასტ მწერლებს შეუქმნა ნოყიერი ნიადაგი დაუჯერებელი, ხშირად მისტიკური ვერსიებისა და ისტორიების შეთხზვისთვის.
წარმოშობით სერბი ნიკოლა ტესლა 1856 წლის 10 ივლისს დაიბადა ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში, თანამედროვე ხორვატიის ტერიტორიაზე, პატარა სოფელ სმილიანში. გადმოცემის თანახმად, ჩვილის დაბადება უძლიერეს ჭექა-ქუხილს დაემთხვა, რამაც ძალიან შეაშფოთა მისი ბებია. ცრუმორწმუნე ქალბატონმა ქუხილი ავისმომასწავებელ ნიშნად მიიჩნია და ახალშობილს ‘’წყვდიადის ბავშვი’’ უწოდა, რითაც ძალიან გაანაწყენა მისი დედა, რომელმაც დაიჟინა, რომ ‘’ნიკოლა აუცილებლად სინათლის ბავშვი იქნებოდა’’.
პატარა ნიკოლა ხშირად აკვირდებოდა ელვას და მის თვალისმომჭრელ ნათებას, რაც უკვე ზრდასრულმა საკუთარ კვლევებშიც გამოიყენა. როგორც ჩანს, დედისა და ბებიის დავაში საბოლოოდ მაინც დედამ გაიმარჯვა, რადგან სწორედ ტესლას ცვალებადი დენის სისტემის საფუძველზე დაინერგა საყოველთაო ელექტროგანათება.
5 წლის ნიკოლამ უფროსი ძმა - დეინი დაკარგა, რომელიც ცხენიდან გადმოვარდა და დაიღუპა. უბედური შემთხვევა უზარმაზარ ტრაგედიად იქცა მშობლებისთვის, რომლებიც სწორედ უფროს შვილზე ამყარებდნენ იმედებს, უმცროსს კი, ზედმეტად სუსტად და უსუსურად მიიჩნევდნენ. ნიკოლა მართლაც ხშირად ავადმყოფობდა, ამიტომ მამამ მისი ადგილობრივ სკოლაში მიბარება გადაწყვიტა, რომლის დასრულების შემდეგ სასულიერო გიმნაზიაში უნდა გაეგრძელებინა სწავლა და მასავით პასტორი გამხდარიყო. თუმცა, 17 წლის ნიკოლა ქოლერით დაავადდა, მთელი ცხრა თვე იავადმყოფა და რამდენჯერმე გადაურჩა სიკვდილს. სწორედ დასნეულებულმა ნიკოლამ გაანდო მამას ფიზიკით, მათემატიკით გატაცების შესახებ და ტექნიკურ სასწავლებელში ჩაბარების ნებართვა სთხოვა. უფროსმა ტესლამ უარი ვერ უთხრა მომაკვდავ შვილს და გამოჯანმრთელების შემთხვევაში სურვილის ასრულებას შეჰპირდა. ნიკოლა მართლაც სწრაფად გამოჯანმრთელდა, მამამ კი, უკმაყოფილების მიუხედავად პირობა შეასრულა და შვილის გრაცის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაბარების უფლება მისცა.
ნიკოლამ ძალიან მძიმედ განიცადა უფროსი ძმის დაღუპვა, რაც მოგვიანებით მის ქცევასა და მისტიციზმით გატაცებაზეც აისახა. მცირეწლოვან ტესლას წლების მანძილზე ეჩვენებოდა, რომ ცეცხლმოკიდებული სფეროს ცენტრში იდგა და იწვოდა, თუმცა ზრდასრულმა არა მხოლოდ ცნობიერის გაკონტროლება, არამედ ტრანსცენდენტული მდგომარეობის მართვა და საჭიროების შემთხვევაში გაძლიერებაც ისწავლა.
მდიდარი წარმოსახვისა და ფოტოგრაფიული მეხსიერების პატრონ ტესლას, რომლის გონება უამრავ ამოუხსნელ საიდუმლოს ინახავდა, მხოლოდ ერთი შეხედვით, რამდენიმე წუთში შეეძლო უზარმაზარი ტექსტების და ფოტოსურათების დამახსოვრება. უნიკალურ ნიჭის წყალობით, რომელსაც თვითონ ‘’გონებრივ ინჟინერიას’’ უწოდებდა, ტესლა გონებაში ახდენდა ყველა გამოგონების დეტალურ ვიზუალიზაციას და რამდენიმე ცდის ჩატარებას. არსებობს ვერსია, თითქოს ელექტროძრავი მეცნიერმა ბუდაპეშტის პარკში სეირნობისას გამოიგონა, როცა გოეთეს ‘’ფაუსტის’’ კითხვისას მოულოდნელად მბრუნავი მაგნიტური ველის გრაფიკული გამოსახულება დაინახა, მერე კი, საკუთარი წარმოსახვა სქემად გადაიტანა ქვიშაზე.
ნიკოლა ადრეული ბავშვობიდანვე მწვავედ რეაგირებდა გარე გამაღიზიანებლებზე. მოზარდ ტესლას არა მხოლოდ ქუხილის ხმა ესმოდა 900 კილომეტრის დაშორებით, არამედ საათის წიკწიკსაც უსმენდა მამის ჯიბეში, რომელიც ეზოში მუშაობდა, სკოლაში სწავლისას კი, დროებით სმენა დაკარგა, რადგან 50 კილომეტრში ჩავლილი ლოკომოტივის ხმა მისთვის დამაყრუებელი აღმოჩნდა. მედიკოსებმა მსგავსი მგრძნობიარობა ისევ ძმის დაღუპვას და მძიმე ფსიქოლოგიურ ტრავმას მიაწერეს, რადგან 1800-იანი წლების დასაწყისში მედიცინისთვის ჯერ უცნობი იყო ე.წ. სენსორული დატვირთვა, რაც ერთი ან რამდენიმე ორგანოს გარემოს პროვოცირებით გადამეტებულ სტიმულაციას გულისხმობს.
მართალია, მედიკოსები ირწმუნებიან, რომ სრულფასოვანი დასვენებისა და ენერგიის აღსადგენად ადამიანმა სულ მცირე 8 საათი უნდა იძინოს, მაგრამ ტესლა მხოლოდ 2 საათს ისვენებდა, დანარჩენ დროს კი, ლაბორატორიაში ატარებდა. მეტიც, ერთხელ ისე გაიტაცა რთული ამოცანის ამოხსნამ, რომ მთელი 84 საათი იმუშავა შესვენების გარეშე.
მეცნიერის აზრით, სწორედ ვისკი იყო სასიცოცხლო ტონუსისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნების საუკეთესო საშუალება, ამიტომ განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა მისთვის 1920-იანი წლები, როცა ამერიკაში ‘’მშრალი კანონი’’ შემოიღეს, თუმცა სწორედ იძულებითმა აკრძალვამ ათქმევინა საბოლოოდ უარი ალკოჰოლზე, რომელიც წყლითა და რძით ჩაანაცვლა.
იდუმალებით მოცული ტესლას ცხოვრება ყოველთვის მრავალრიცხოვანი მითებითა და ლეგენდებით იყო შებურვილი. ამბობდნენ, თითქოს საოცრად სიმპათიურ მეცნიერს, რომელსაც კარგი გემოვნება და დახვეწილი მანერები ჰქონდა, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა ელიტარული და არისტოკრატული საზოგადოების წარმომადგენლების ჩათვლით, თუმცა თავად გამომგონებელი არასდროს კარგავდა დროს რომანტიკულ გატაცებებზე და არ აძლევდა საკუთარ თავს შეყვარების უფლებას, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ოჯახი და დამატებითი პასუხისმგებლობა მის აღმოჩენებსა და მეცნიერულ მოღვაწეობას შეუშლიდა ხელს.
ტესლას, რომელმაც საკმაოდ ახალგაზრდამ დატოვა სამშობლო და მშობლიური სახლი, არც კერძო საკუთრება ჰქონია არასდროს, არც საკუთარი ბინა. მართალია, ახალგაზრდობაში მეცნიერს საკმაოდ კარგად უნაზღაურდებოდა შრომა, მაგრამ მთელ დროს ლაბორატორიაში ატარებდა და ნაკლებად ფიქრობდა დაბინავებაზე, ბოლო წლებში კი, როცა საგრძნობლად შემცირდა მისი შემოსავალი, მონაცვლეობით ცხოვრობდა ნიუ-იორკის სასტუმროებში.
სხვათა შორის, ნიუ-იორკში გადაბარგებული ტესლა პირველ რიგში ადგილობრივი მტრედებით მოიხიბლა. მეცნიერი ყოველ დილას სპეციალურად ყიდულობდა მზესუმზირას ან მარცვლეულს და საათობით აპურებდა ფრინველს ცენტრალურ პარკში, დროებით მივლინებით გამგზავრებული კი, ნაცნობებს უხდიდა ფულს მტრედების გამოსაკვებად.
ნიუ-იორკში ტესლა 1884 წელს ჩავიდა თომას ედისონთან სამუშაოდ, რომელიც იმ პერიოდში უახლესი ტექნოლოგიით, საუკეთესოდ აღჭურვილ ლაბორატორიას ფლობდა. მანამდე ახალგაზრდა მეცნიერი პარიზში, ედისონის რეგიონალურ განყოფილებაში საქმიანობდა და სწორედ იქ მიიღო სარეკომენდაციო წერილიც, რომელმაც საკუთარი ექსპერიმენტების მენლო-პარკის ცნობილ ლაბორატორიაში ჩატარების საშუალებას მისცა, თუმცა უფროს და უკვე სახელოვან კოლეგასთან ტესლამ მხოლოდ ექვსი თვე იმუშავა.
გადმოცემის თანახმად, ედისონი სოლიდურ ჰონორარს შეჰპირდა ტესლას იმ შემთხვევაში თუ ის კომპანიის მიერ უკვე შემუშავებულ მუდმივი დენის აპარატს დაამუშავებდა. დავალება საკმაოდ რთული და შრომატევადი აღმოჩნდა, რადგან არა უბრალოდ კონსტრუქციის შეცვლას, არამედ უკვე არსებული ხელსაწყოს კარდინალურად გადაკეთებას გულისხმობდა. ნიკოლამ რამდენიმე დღე თავდაუზოგავად, შესვენების გარეშე იმუშავა ხარვეზების აღმოსაფხვრელად და სრულიად ახალი ხელსაწყო წარუდგინა ედისონს, თუმცა მან მხოლოდ გულიანად გადაიხარხარა და უარი უთხრა ჰონორარის გადახდაზე, რადგან როგორც აღმოჩნდა მისი დავალება უბრალოდ ხუმრობა იყო, რომელიც ნიკოლამ გაიგო არასწორად.
ტესლამ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს იწინასწარმეტყველა სმარტფონის ‘’დაბადება’’. ‘’ადამიანები ერთ წამში შეძლებენ დაკავშირებას და მნიშვნელობა არ ექნება რამდენად შორს იქნებიან ერთმანეთისგან. მეტიც, ისევე კარგად დაინახავენ და გაიგებენ ერთმანეთისას, როგორც პირისპირ შეხვედრისას. ინსტრუმენტი, რომელიც ამგვარს კავშირს უზრუნველყოფს საკმაოდ კომპაქტური იქნება, ადამიანები ყველგან შეძლებენ მის ტარებას, რადგან ჯიბეშიც ჩაეტევა’’, - კოლეგებთან საუბრისას შენიშნა ტელსამ, თუმცა მისმა წინასწარმეტყველებამ მხოლოდ მეცნიერთა ღიმილი გამოიწვია.
სხვა გენიოსების მსგავსად ტესლასაც უამრავი ფობია ჰქონდა. არსებობს მოსაზრება, თითქოს მეცნიერი აუტისტური სპექტრის აშლილობით იტანჯებოდა. ცნობილი მეცნიერების მაიკლ ფიცჯერალდისა და ბრენდონ ო’ბრაიენის მტკიცებით, ტესლას ასპერგერის სინდრომის ყველა სიმპტომი ჰქონდა. მეტიც, სწორედ ობსესიურ-კონვულსიურმა აშლილობამ იმსხვერპლა მისი რეპუტაცია.
ნიკოლას მთელი ცხოვრება კოშმარული აკვიატებული აზრები ტანჯავდა, რომელთაგან განთავისუფლებას რუტინული, თუმცა უშედეგო რიტუალური მოქმედებით ცდილობდა, სძულდა მომრგვალებული ნივთები და ძვირფასი სამკაული, პანიკურად ეშინოდა მიკრობების და მანიაკალური სიხშირით იბანდა ხელებს, სასტუმროში დაბინავებული კი, ყოველდღიურად 18 პირსახოცით მომარაგებას ითხოვდა, არავის აძლევდა შეხების უფლებას, თვითონ კი, მხოლოდ მათ ეხებოდა, ვისაც კარგად იცნობდა.
ამასთანავე, მეცნიერი ყველაფერს ითვლიდა - ნაბიჯებით დაწყებული ქუჩაში გამვლელებით დამთავრებული. მეტიც, თუ სადილის დროს შემთხვევით ვინმე ლუკმების თვლას აწყვეტინებდა, საერთოდ უარს ამბობდა ტრაპეზაზე, ამიტომ მეტწილად სრულ მარტოობაში მიირთმევდა.
მართალია, 1937 წელს რადიოს საჯაროდ დემონსტრირების შემდეგ ტესლა ნობელის პრემიაზე იქნა წარდგენილი, მაგრამ მისმა კანდიდატურამ მხოლოდ ერთი ხმა მიიღო 38-დან, რადგან 1909 წელს მარკონი და ბრაუნი უკვე დაჯილდოვდნენ პრემიით რადიოს გამოგონებისთვის. ამბიციების მიუხედავად, ტესლას ნაკლებად ანაღვლებდა, როცა მისი გამოგონების წყალობით სხვა მოიპოვებდა აღიარებას, თუმცა ყოველთვის გული წყდებოდა, რომ კოლეგები ძალიან ბევრ დროს კარგავდნენ უქმად.
ასაკის მატებასთან ერთად, ტესლას სულ უფრო გაუჭირდა მუშაობა. შემოსავლის გარეშე დარჩენილი მეცნიერი ჯერ ნიუ-იორკის ფეშენებელური სასტუმროდან Waldorf Astoria-დან გააძევეს, მერე Saint Regis-დან, რადგან ერთის მხრივ, ვერ შეძლო წლების მანძილზე დაგროვილი გადასახადის დაფარვა, მეორეს მხრივ, სასტუმროს ბინადრები აღმოჩნდნენ მისით უკმაყოფილო. როგორც აღმოჩნდა, მტრედების მოყვარული ტესლა საკუთარ ნომერში ‘’მასპინძლობდა’’ ფრინველებს, რომლებიც სიბინძურესთან ერთად საშინელ ქაოსსაც ქმნიდნენ.
მართალია, ყოფილმა დამქირავებლებმა კომპანია Westinghouse-დან, მოხუც მეცნიერს ანაზღაურება დაუნიშნეს ‘’საკონსულტაციო მომსახურებისთვის’’, მაგრამ ჰონორარი მინიმალური აღმოჩნდა, რადგან კომპანია საკუთარ რეპუტაციაზე უფრო ზრუნავდა, ვიდრე ტესლას დახმარებაზე, ამიტომ ვალების დაგროვებისთანავე, ნიკოლა იძულებით ტოვებდა ძველ სასტუმროს და ახალს ეძებდა დასაბინავებლად.
87 წლის ნიკოლა ტესლა 1943 წლის 8 იანვრის დილას გარდაიცვალა სასტუმრო New Yorker-ის ნომერში. მეცნიერის ცხედარი მხოლოდ ორი დღის შემდეგ იპოვა დამლაგებელმა, რომელმაც პირველმა შეამჩნია მისი საეჭვო გაუჩინარება. გენიოსი მეცნიერის მოკრძალებული დაკრძალვა 1943 წლის 10 იანვარს მოეწყო ნიუ-იორკში, თუმცა ზუსტად 10 წლის შემდეგ ტესლას ნათესავებმა მისი ფერფლი მწირ ქონებასთან ერთად სერბეთში გადაასვენეს, მოგვიანებით კი, ბელგრადის მუზეუმში დაასვენეს.