ჩემპიონთა ლიგა | „ნაპოლიმ“ „ბრაგას“ აჯობა, „ბაიერნმა“ „იუნაიტედი“ დაამარცხა - Palitra News

ჩემპიონთა ლიგა | „ნაპოლიმ“ „ბრაგას“ აჯობა, „ბაიერნმა“ „იუნაიტედი“ დაამარცხა

2023-09-21 10:20:00+04:00

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ბრაგა“ 2:1 დაამარცხა.

წვიმიან ამინდში შეხვედრა სწრაფ ტემპში დაიწყო და მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ ორტას და ოსიმენს გატანა მეკარეებმა არ დაანებეს. შემდეგ კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი ოსიმენმა დაარტყა და მეკარე მატეუსმა იხსნა თავისი გუნდი. მერე მან დო ლორენსოცაც არ გაატანინა. „ნაპოლი“ თანდათან უპირატესობას დაეუფლა, ხვიჩას დაგორებული ბურთი ოსიმენმა დაარტყა და პორტუგალიელები ამჯერად ხარიხამ იხსნა. უნდა ითქვას, მასპინძლები სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდნენ და სახიფათონი იყვნენ. 35-ე წუთზე კარის წინ მცველთან ბრძოლაში ვიქტორი წაიქცა, მსაჯმა ვიდეოგამეორება ნახა და პენალტი არ დანიშნა. კომპენსირებულ დროში კი საჯარიმოში "კვარას" ჩაწოდებული ბურთი ოსიმენისგან დი ლორენცოს მიუვიდა და კაპიტანმა უძლიერესი დარტყმით სტუმრები დააწინაურა.

მეორე ტაიმი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, „ბრაგა“ აქტიურობდა და „ნაპოლის“ ხშირად უწევდა თავდაცვა. „კვარა“ 66-ე წუთზე ელმასმა შეცვალა, ხოლო პოლიტანო რასპადორიმ. მერე მეკარესთან პირისპირ გასულმა ზილენსკიმ ვერ უწია მიზანს. პორტუგალიელებმა კი ბრუმას თავურით ანგარიში გაათანაბრეს. თუმცა, მალე ზილენსკის ჩაწოდებულ ბურთს ნიაკატემ საკუთარ კარში მიუჩინა ადგილი. დარჩენილ დროში მასპინძლებს სამი კარგი შანსი მიეცათ: ორტამ და ბრუმამ მიზანს ააცილეს, ხოლო პიცის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და "ნაპოლიმ" არადამაჯერებელი თამაშით გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლი“ 3 ოქტომბერს, მეორე ტურში „რეალს“ უმასპინძლებს.

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მეორე სათამაშო დღეს სხვა საინტერესო და დაძაბული მატჩებიც იყო. პირველ რიგში აღსანიშნავია "ბაიერნის" მიერ "მანჩესტერ იუნაიტედის" ანგარიშით 4:3 დამარცხება.

ამ შეხვედრაში, როგორც მოსალოდნელი იყო, მიუნხენელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ინგლისელებსაც არაერთი საინტერესო მომენტი ჰქონდათ.

შეხვედრაში ანგარიში ლეროი ზანემ გახსნა - 28-ე წუთზე მისი დარტყმული მანჩესტერელთა მეკარემ, ანდრე ონანამ ვერ მოიგერია და მისი უხეში შეცდომის შედეგად გერმანული გუნდი დაწინაურდა. ამ გოლის შემდეგ მალევე, 32-ე წუთზე სერჟ გნაბრიმ მიუნხენელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. საგოლე გადაცემა ჯამალ მუსიალამ მიითვალა და გუნდები შესვენებაზე 2-ბურთიანი სხვაობით გავიდნენ.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, 49-ე წუთზე მანჩესტერ იუნაიტედის ახალწვეულმა, რასმუს ჰოილუნდმა მარკუს რაშფორდის პასი კარგად დაამუშავა, შესანიშნავად ითამაშა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

თუმცა მალევე, 53-ე წუთზე ბაიერნის ინგლისელმა ფორვარდმა, ჰარი კეინმა პენალტის ნიშნულიდან ანდრე ონანას შანსი არ დაუტოვა და თავისი გუნდის უპირატესობა კვლავ კომფორტული გახადა.

მატჩის მიწურულს ვითარება კვლავ დაიძაბა - 88-ე წუთზე კაზემირომ მარსიალის პასით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა გერმანელთა ფრანგმა შემტევმა, მატის ტელმა გოლი გაიტანა - 18 წლის ფეხბურთელმა გერმანელებს ისევ კომფორტული უპირატესობა დაუბრუნა. ამის შემდეგ, კომპენსირებულ დროში კაზემირომ დუბლი შეასრულა და მიუნხენელთა უპირატესობა კვლავ მინინუმამდე შეამცირა, რითაც შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.