სუსის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტ „უსაფრთხოების ახალგაზრდული სკოლის“ პირველი სეზონი დაიწყო - Palitra News

სუსის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტ „უსაფრთხოების ახალგაზრდული სკოლის“ პირველი სეზონი დაიწყო

2024-06-15 12:02:35+04:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტ „უსაფრთხოების ახალგაზრდული სკოლის“ პირველი სეზონი დაიწყო. სასერტიფიკატო კურსი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ შენგელი ფიცხელაურმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის დირექტორმა გიორგი ვაშაკიძემ საზეიმოდ გახსნეს. მათ მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატება უსურვეს.

ღონისძიების დასრულების შემდეგ კურსის მონაწილეებმა პირველი ლექცია მოისმინეს და აქტიურად ჩაერთნენ სასწავლო პროცესში.

ახალგაზრდული სკოლის სასერტიფიკატო კურსისთვის 40 მსმენელი შეირჩა. პროექტი მის მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, ერთი თვის განმავლობაში ეროვნული თუ საერთაშორისო საფრთხეებისა და სხვადასხვა გამოწვევის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ უსაფრთხოების სფეროს პირველი პირებისა და წამყვანი ექსპერტებისგან მიიღონ. ამასთანავე, მონაწილეები შეისწავლიან საფრთხის შემცველ სიტუაციებში სწრაფად ორიენტირებას და მათზე რეაგირებას.

„ახალგაზრდული სკოლა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის პროექტია. მისი მიზანია, მსმენელებს გაუღრმაოს პატრიოტული სულისკვეთება და აუმაღლოს ცნობიერება ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.