აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ირანსა და ისრაელს – ესკალაციის თავიდან აცილებისკენ, „ჰამასის“ ახალ ლიდერს კი მოლაპარაკებების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ირანი და ისრაელი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციას უნდა მოერიდონ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი „ჰამასის“ პოლიტიკური ფრთის ახალ ლიდერად იაჰია სინვარის დანიშვნასაც გამოეხმაურა. ბლინკენის თქმით, სინვარს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უზრუნველყოფა შეუძლია. მისივე თქმით, ღაზის სექტორიდან ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის მიუხედავად გრძელდება და ფინალურ სტადიაშია. როგორც მანამდე „თაიმს ოფ ისრაელი“ წერდა, მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკება შეჩერებულია და მას შემდეგ უნდა განახლდეს, რაც ირანი „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხო ნაბიჯებზე ჩამოყალიბდება, ხოლო „ჰამასი“ ახალ ლიდერს აირჩევს.