გაერთიანებულმა სამეფომ და ეგვიპტემ თავიანთ ავიაკომპანიებს სთხოვეს, თავი აარიდონ ირანის და ლიბანის საჰაერო სივრცეს რეგიონში შესაძლო უფრო ფართო კონფლიქტის დაწყების მზარდი შიშის ფონზე, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეგვიპტელი პილოტებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვა ძალაში იქნება სამი საათის განმავლობაში.
„ყველა ეგვიპტური გადამზიდავი უნდა მოერიდოს ფრენას თეირანის თავზე. ფრენის გეგმა არ მიიღება აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაფრენისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის სამინისტრომ მოგვიანებით დაადასტურა, რომ შეტყობინება მიზნად ისახავდა ფრენის უსაფრთხოების რისკების შემცირებას ირანის ხელისუფლებისგან მიღებული შეტყობინების ფონზე.
„ირანის საჰაერო სივრცეში, თეირანის დროით 7 აგვისტოს 11:30-დან 14:30 საათამდე და 8 აგვისტოს 4:30-დან 7:30 საათამდე სამხედრო წვრთნები ტარდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ტელეკომპანია Al Qahera News-ის ინფორმაციით, ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სამხედრო წვრთნების გამო, ავიაკომპანიებმა თავი უნდა აარიდონ ქვეყნის საჰაერო სივრცეში ფრენას.
გარდა ამისა, გაერთიანებულმა სამეფომ ბრიტანული ავიაკომპანიები გააფრთხილა ლიბანის საჰაერო სივრცეში გადაადგილებას მოერიდონ.
შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვითარება ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ დაიძაბა. ირანი და „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და „ჰეზბოლასთან“ ერთად შურისძიების პირობას დებენ.