ევროკავშირის უმეტესობას და ნატო-ში ყველას სურს რუსეთის დამარცხება, მსხვერპლის მიუხედავად, მათ არ აინტერესებთ მშვიდობა, მაგრამ რუსეთის ფედერაცია არის ბირთვული იარაღის მფლობელი სახელმწიფო და ბრძოლის ველზე მისი დამარცხება შეუძლებელია, - ამის შესახებ სერბეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრ ვულინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„მე მინდა მშვიდობა, მაგრამ ევროკავშირის უმეტესობას და მთელ ნატო-ს სურს რუსეთის დამარცხება, მიუხედავად იმისა, თუ რა მსხვერპლს მოითხოვს ეს. მათ არ აინტერესებთ მშვიდობა. ბირთვული მსოფლიო ძალის დამარცხება შეუძლებელია. ეს ეხება აშშ-საც, ჩინეთსაც და რუსეთის ფედერაციასაც. მაშინ რატომ უნდა გაჩაღდეს კონფლიქტი მსოფლიოში უდიდეს ბირთვულ ძალასთან, იმისთვის, რომ ის ბირთვული იარაღის გამოყენებამდე მივიდეს?“- აღნიშნა ვულინმა.
იმავე ინტერვიუში სერბეთის ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია "ბრიკსი" (BRICS), რომელიც ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკას აერთიანებს, სერბეთისთვის არის შანსი და ევროკავშირის რეალური ალტერნატივა, რადგან ის არაფერს მოითხოვს სერბეთისგან.
„ეს ორგანიზაცია არაფერს მოითხოვს სერბეთისგან და შეუძლია იმაზე მეტის შეთავაზება, ვიდრე ჩვენ ვითხოვთ. ევროკავშირი კი ჩვენგან ყველაფერს ითხოვს, მაგრამ უკვე აღარ ვარ დარწმუნებული რას გვთავაზობს. "ბრიკსი" არის ჩვენი შანსი და რეალური ალტერნატივა. ძალიან მკაფიოდ მხარს ვუჭერ, რომ სერბეთმა კარგად განიხილოს "ბრიკსის" ყველა შესაძლებლობა და ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან მაქსიმალურად მჭიდროდ ითანამშრომლოს“, - განაცხადა ვულინმა.