საბერძნეთში, დედაქალაქ ათენთან ახლოს ტყის ხანძარი მძვინვარებს, ხელისუფლებამ რამდენიმე სოფლისა და ქალაქის ათასობით მცხოვრების ევაკუაციის ბრძანება გასცა. მედიის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა ხეები, სახლები და ავტომობილები, კვამლის ღრუბლებმა კი საბერძნეთის დედაქალაქს მიაღწია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 400-ზე მეტი მეხანძრე, 16 სახანძრო თვითმფრინავი და 13 ვერტმფრენი იყო ჩართული. მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ ათენის მახლობლად მდებარე ისტორიული ქალაქის, მარათონის ევაკუაციის ბრძანება გასცა და ქალაქის 30 000-ზე მეტი მცხოვრები ზღვისპირა ქალაქ ნეა მაკრისში გადაიყვანეს. არსებული მდგომარეობის გამო, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა შვებულება შეწყვიტა და დედაქალაქში დაბრუნდა. მეხანძრეებმა 40 ხანძრიდან 33-ის გაკონტროლება შეძლეს, თუმცა შვიდი ხანძარი ჯერ კიდევ ვერ ჩააქრეს.