ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო 2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელთან, ჰაიდი ტალიავინისთან „რადიო თავისუფლების“ ინტერვიუს ეხმიანება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტის ყველა მცდელობა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 16 წლის წინ ჩადენილი მოღალატეობრივი ქმედებები როგორმე გაემართლებინა, ტალიავინმა არგუმენტირებული მსჯელობით გააბათილა. „ქართული ოცნების“ განცხადებით, დადგა დრო, დამნაშავეებმა კონსტიტუციისა და კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი. პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ქვეყნისა და ხალხის წინაშე.