თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს განუცხადა, რომ თურქეთი ისრაელზე ზეწოლას მომავალშიც გააგრძელებს. ერდოღანის თქმით, ანკარა გააგრძელებს პალესტინის მხარდაჭერას და საერთაშორისო საზოგადოებას ისრაელზე ზეწოლის გაზრდისკენ უბიძგებს. ლიდერებმა ასევე განიხილეს ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და იმსჯელეს იმ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც ღაზაში გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისთვისაა საჭირო. თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაგმო ღაზაში მიმდინარე ომი და ზოგიერთი დასავლური ქვეყანა დუმილსა და ისრაელის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. როგორც ერდოღანმა აბასს განუცხადა, ყველა ქვეყანამ, განსაკუთრებით კი მუსლიმურმა სამყარომ, ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად ძალისხმევა უნდა გაზარდოს. შეგახსენებთ, დღეს პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერი თურქეთის პარლამენტს მიმართავს.