ვაკის რაიონში წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია გრძელდება. მიმდინარე სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანსა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.სარეაბილიტაციო პროექტის მიხედვით, წყალმომარაგების და წყალარინების ქსელების განახლება დასრულებულია, გაზმომარაგებისა და სანიაღვრე ქსელების მოწყობა რამდენიმე დღეში დასრულდება. ასევე, საჰაერო სადენების მიწისქვეშ განსათავსებლად საჭირო კაბელ-არხები ეწყობა. რამდენიმე მისამართზე დასრულებულია ფერდის დამცავი კედლების მოწყობა, ზოგან კი კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები. აქტიურად მიმდინარეობს მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნების მოწყობის სამუშაოები.პროექტის ბოლო ეტაპზე კიდევ ერთი ფენა ასფალტის საფარი დაიგება. მოეწყობა საფეხმავლო კუნძულები და ტროტუარები, განათების სისტემა, შუქნიშნები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები.