შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი - 1963 წელს დაბადებული გ. კ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მაშინ დააკავეს, როდესაც ის შეცვლილი პირადი მონაცემებით სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა.
„გ. კ. 2004 წელს, თბილისში, ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა გ.კ. სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის ,,დარიალი" ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის სხვა გვარის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა.
დაკავებული გ. კ. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.