პოლონეთის შემდეგ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი უკრაინაში ჩავიდა. ინფორმაციას ინდური ტელეარხი NDTV ავრცელებს. ტელეარხის ცნობით, კიევში მოდი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და მას რუსეთთან კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმას გააცნობს. ვიზიტის სხვა დეტალები უცნობია. მოდი კიევში ვარშავიდან მატარებლით ჩავიდა. პოლონეთის დედაქალაქში მან წინა დღით ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან დონალდ ტუსკთან გამართა მოლაპარაკებები. როგორც NDTV აღნიშნავს, ეს არის ინდოეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ქვეყანაში შემდეგ, რაც უკრაინამ 1991 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.