„ტელეგრამის“ დამფუძნებელი, პაველ დუროვი კიბერდანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს. ის ეჭვმიტანილია ორგანიზებული ჯგუფების კრიმინალური საქმიანობის ხელშეწყობაში, ხელისუფლებისთვის ინფორმაციის გადაცემაზე უარის თქმაში და ბავშვთა პორნოგრაფიასთან, ნარკოტრეფიკთან, თაღლითობასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ დანაშაულებში თანამონაწილეობაში. ამ საქმეზე ამჟამად 12 სავარაუდო დანაშაულის გამოძიება მიმდინარეობს და დუროვის სასამართლო პროცესი საფრანგეთში 8 ივლისს დაიწყო. პარიზის პროკურატურის ცნობით, დაკავების ვადა, შეიძლება, 96 საათამდე, ანუ 28 აგვისტომდე გაგრძელდეს. „ტელეგრამის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი საფრანგეთის პოლიციამ პარიზის აეროპორტში შაბათს ღამით დააკავა. პლატფორმა „ტელეგრამმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პაველ დუროვს დასამალი არაფერი აქვს და კომპანიის საქმიანობა ევროკავშირის კანონმდებლობას შეესაბამება.