შეერთებულმა შტატებმა “ჰამასის” ლიდერს, იაჰია სინვარს და დაჯგუფების კიდევ რამდენიმე ცნობილ ფიგურას გასული წლის 7 ოქტომბერს ისრაელში განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, „ჰამასის“ ექვს წევრს შვიდი ბრალდება წაუყენეს, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების მკვლელობა, ტერორიზმის დასაფინანსებლად შეთქმულება და მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაა. აშშ-ის გენერალური პროკურორის, მერიკ გარლანდის განცხადებით, ბრალდებულები პასუხისმგებლები ამერიკელი მოქალაქეების მკვლელობისა და შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის კამპანიის ათწლეულის მანძილზე დაფინანსებასა და წარმართვაზე არიან. აშშ-ის გენერალური პროკურორის თქმით, „ჰამასის“ წევრებმა დახოცეს მოხუცები და მცირეწლოვანი ბავშვები, ქალებზე კი სექსუალურ ძალადობას ახორციელებდნენ. გენერალურმა პროკურორმა ხაზი გაუსვა, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს „ჰამასმა" მოკლა 1200-ზე მეტი ადამიანი და ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელების ყველაზე სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა განახორცირლა. „ჰამასის“ სხვა ბრალდებულ წევრებს შორის, ტერორისტული დაჯგუფების ყოფილი ლიდერებიც არიან. ბრალდებული პირების ნაწილი გარდაცვლილია.