არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას საქართველო ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში ხვდება. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოების მკვეთრი წინააღმდეგობის მიუხედავად “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღება.
ანგარიში მოიცავს ინფორმაციას პარტიების შემოწირულობებზეც. აღნიშნულია, რომ 2024 წლის 1-ელი ივნისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით 16-მა პოლიტიკურმა პარტიამ 7 395 731 ლარის შემოწირულება მიიღო, რომლის 84%-ზე მეტი მმართველი პარტიის შემოწირულებებზე მოდიოდა. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაკვირვების პერიოდში, „სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლებმა ამომრჩევლების სავარაუდო მოსყიდვის 5 ფაქტი გამოავლინეს, რომელთაგან 3 მმართველ პარტიას, ხოლო 2 ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებას უკავშირდება.