სულ რომ ბაიდენი ჩამოვიდეს საქართველოში და პირდაპირ ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, ამ რადიკალურ ოპოზიციას არაფერი ეშველება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებას.
როგორც კალაძემ აღნიშნა, აშშ-ში ამ გადაწყვეტილებით შეეცადნენ, რომ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფ ოპოზიციას დახმარებოდნენ.
„გაუქმდა მიღებაზე დასწრება. ჯერ გამოგზავნილი იყო მოწვევა, შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რადიკალური ოპოზიცია, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა და სულს ღაფავს, როგორმე ამ ქმედებებით დაეხმარონ. ერთ რამეს გეტყვით, სულ რომ ბაიდენი ჩამოვიდეს საქართველოში და პირდაპირ ჩაერთოს სარჩევნო კამპანიაში, ამ რადიკალურ ოპოზიციას არაფერი ეშველება“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის შეფასებით, „დღეს ქვეყანაში ოპოზიცია არ არსებობს“.
„უცხოურ ძალებს მცდელობა აქვს, პირდაპირ საელჩოებში იგეგმება სხვადასხვა კამპანიები, თუ რა და როგორ გაკეთდეს, როგორ დაიგეგმოს. დააკვირდით ოპოზიციურ რადიკალურ სპექტრს, რომელიც წარმოდგენილი არის, ხალხს კი არ ესაუბრებიან, ისინი საარჩევნო კამპანიებს საელჩოებში და უცხოელებისთვის აკეთებენ. ამ ქვეყნის მომავალს და ბედს ქართველი ხალხი წყვეტს, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც გარედან მოდიოდა მითითებები, თუ როგორ უნდა ემოქმედა ხელისუფლებას. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხალხის მითითებებით. ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ინტერესს. „მეორე ფრონტი“ არ და ვერ იქნება, ისევ და ისევ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და ქვეყანა სანქციებს არ შეუერთდება“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. მიწვევის გაუქმების შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმას“ ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირი და კიდევ ერთი წყარო კონგრესიდან უდასტურებს. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.