სლოვაკეთის პრემიერს, რომელზეც მაისში შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, ახლა კონვერტით ტყვია გაუგზავნეს. კონვერტზე ფოსტის შემოწმებისას ყურადღება სლოვაკეთის მთავრობის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გაამახვილეს. მასში მოთავსებული ტყვია რენტგენმა გამოავლინა. მომხდარი ბრატისლავის სამხარეო პოლიციის წარმომადგენელმა, მიხალ ზეიფმა დაადასტურა. ინციდენტის გარემოებებს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ. სლოვაკეთის 56 წლის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა 15 მაისს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე სოფელ ჰანდლოვაში მოხდა. რობერტ ფიცო მთავრობის გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ მივიდა ხალხთან, რომელიც მთავრობის მეთაურს ესალმებოდა. სწორედ ამ დროს მას შეიარაღებულმა პირმა ესროლა.