ისრაელის სამხედრო ავიაციამ ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი დაბომბა. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავების სამიზნე ბეირუთის სამხრეთ უბნები გახდა. აფეთქებები მოხდა დაჰიეს უბანში, სადაც „ჰეზბოლას“ პოზიციები იმყოფება. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ განხორციელდა მიზანმიმართული დარტყმები, რომელთა სამიზნე „ჰეზბოლას“ საჰაერო ძალების მეთაური იყო. ლიბანური მედიის ინფორმაციით, ისრაელი აგრძელებს ქვეყნის სამხრეთ რაიონების დაბომბვას. ტვიროსის ოლქის დაბომბვას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა. ისრაელის დაბომბვის გამო ლიბანიდან სირიაში 22 000-ზე მეტი ადამიანი გადავიდა. ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს ლიბან-სირიის სასაზღვრო გადასასვლელი, რომელსაც ისრაელის მტკიცებით, „ჰეზბოლა“ იარაღის შესატანად იყენებდა.