ქართული ოპოზიციური სპექტრი, აშშ-ის სენატორების მხრიდან საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების შესახებ გამოთქმულ შეშფოთებას სრულად იზიარებს. ხელისუფლების ოპონენტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან რომ ,,ქართული ოცნების" მიზანი ოპონენტების დევნაა. აშშ-ის სენატის რამდენიმე წევრი საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების შესახებ შეშფოთებას გამოთქვამს. მათთვის ბიუროს მიერ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა" და “აირჩიე ევროპის” გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციებად განსაზღვრა მიუღებელია. გარდა ამისა, გავრცელებულ განცხადებაში, სენატორები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო პერიოდში აღნიშნული გადაწყვეტილება სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას ზღუდავს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით უკვე მიმართა. ორგანიზაცია ბიუროს ხელმძღვანელის-რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს სასამართლოსგან სარჩელის დაკმაყოფილების მოლოდინი არ აქვთ, რადგან ფიქრობენ რომ სასამართლო პოლიტიზირებულია.