მე მახსოვს, უკრაინელები აქტიურად იყენებდნენ ამ [ომის] კადრებს სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის იუმორისტული მიზნებისთვის, მაგრამ ეს სხვა საკითხია. დღეს ჩვენ საზოგადოებას ვახსენებთ იმას, თუ რა შედეგები მოჰყვება ომს ზოგადად და რა ავიცილეთ თავიდან ჩვენი ქვეყნისთვის 2022 წელს, 2023 წელს და რა უნდა ავიცილოთ თავიდან ამ საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე და ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქალაქის ქუჩებში გამოჩენილ ბანერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლებზეც ომში მყოფი უკრაინის კადრების საპირწონედ, საქართველოში გადაღებული კადრებია აღებული.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული ოცნების საარჩევნო ბანერების შინაარს ეხმაურება. განცხადებაში საგარეო უწყება გმობს და დაუშვებლად მიაჩნია პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების, ათასობით უდანაშაულო ხალხის ტანჯვისა და სისხლის, ეკლესიებისა და კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის განადგურების სურათების გამოყენება. უკრაინა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მმართველ “ქართულ ოცნებას” და ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემის საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისგან. დედაქალაქში პარტია “ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო ბანერები გუშინ გამოჩნდა, რომელსაც აწერია “არა ომს! აირჩიე მშვიდობა!“. ბანერები ორ ნაწილად არის გაყოფილი. ბანერის ერთ მხარეს უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქები, შენობები, ინფრასტრუქტურული ნაგებობია ასახული, ხოლო მეორე მხარეს საქართველოს ქალაქები. დაბომბილი უკრაინის ქალაქები წარმოდგენილია შავ-თეთრი ფოტოთი, ხოლო საქართველო - ფერადით. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას შეფასებები მოყვა საქართველოში