პარლამენტთან, ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების აქციის მონაწილე, ერთ-ერთი მოშიმშილე პირი შეუძლოდ გახდა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მივიდა, რომლებიც ცდილობდნენ მისთვის ადგილზე აღმოეჩინათ სამედიცინო დახმარება, თუმცა შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მოშიმშილეს, სავარაუდოდ, შაქრის დონე დაბალი ჰქონდა, რის გამოც საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა.
ამასთან, აქციის მონაწილეების თქმით, მათ პოლიციამ პარლამენტის ტერიტორიიდან ლეიბების გასატანად დღეს საღამომდე მისცა ვადა.
ცნობისთვის, შუქრუთის მცხოვრებთა ნაწილი პარლამენტთან თითქმის ერთი თვეა შიმშილობს. ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. როგორც ისინი აცხადებენ, კომპანიის საქმიანობის გამო სახლები ენგრევათ, ხოლო "ჯორჯიან მანგანეზი" კომპენსაციის გადახდაზე უარს აცხადებს.