„ამჟამად ჩინური კომპანიები დაინტერესებული არიან საქართველოში მეორადი ავტომობილების ვაჭრობით და არა წარმოებით,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა. როგორც დიპლომატი აღნიშნავს, ზოგიერთი ჩინური კომპანია საქართველოში მეორადი ავტომობილების e-commerce პლატფორმის შეძენის შესაძლებლობას იკვლევს. დიპლომატის განცხადებიდან ირკვევა, რომ საქართველოს ბევრი ჩინური ლოჯისტიკური და e-commerce კომპანია ეწვია, რომლებმაც გამოხატეს ინტერესი მეორადი ავტომობილების ბაზრის მიმართ. ელჩის თქმით, ჩინურ კომპანიებს მოლოდინი აქვთ, რომ შუა დერეფნის მშენებლობის ეტაპობრივი წინსვლითა და E60 ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დასრულებით საქართველოს სავაჭრო და სატრანსპორტო ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალი გაიზრდება. ჩინური კომანიების ინტერესს აძლიერებს ისიც, რომ მომავალში საქართველოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის უპირატესობასთან ერთად, მეორადი ავტომობილების ვაჭრობისთვის მეტი პოტენციალი გაჩნდება. აღნიშნული არამარტო საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ბაზრების საჭიროებას დააკმაყოფილებს. ცნობისთვის, ჩინეთი საქართველოში ავტომობილების იმპორტიორ უმსხვილეს ქვეყნებს შორის მე-6 ადგილს იკავებს. საქსტატის მონაცემებით, ჩინეთიდან მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში ჩინეთიდან 27 მილიონ 748 ათასი დოლარის ღირებულების 1 797 ერთეული ავტომობილი შემოვიდა.