ბიძინა ივანიშვილის წერილი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და რეალობასთან საერთო არ აქვს - აბსურდულია, ერთი მხრივ, 12 წელია მართავენ ქვეყანას, მეორე მხრივ თითქოს საქართველოს სახელმწიფოებრიობამ ხვალ და ზეგ შეიძლება აღარ იარსებოს, რასაც საფუძველი არ აქვს. როგორ ამართლებენ და ხსნიან ამას?- ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, აღნიშნული წერილი „პროპაგანდის ნაწილია“, რადგან რეალურად საქართველოში წინსვლა არ არის.
„ბიძინა ივანიშვილი ასე აქტიური არასდროს ყოფილა, როგორც ახლა. იყო 2012 წელს და ახლა. ამაზე უნდა გაემახვილებინა ყურადღება - რატომ დასჭირდა მას 12 წლის თავზე იმის თქმა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის პრობლემა აქვს? ეს ასე არ არის. 12 წელი რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, თუ ქვეყანა იქამდე მიიყვანა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა საფრთხის ქვეშაა? აშკარად ჩანს, რომ ეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგია. რატომ ემუქრება საქართველოს სახელმწიფოებრიობას საფრთხე, ვინ ემუქრება? არსად არ ჩანს. პირიქით, რეგიონში გაჩერდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონფლიქტი აზერბაიჯანი-სომხეთის, მეტ-ნაკლებად მოგვარდა. რეგიონში მეტი სიმტკიცე და მდგრადობაა, რომ არა რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, რეგიონს არაფერი ემუქრება. ამიტომ ეს წერილი აბსურდულია - ერთი მხრივ, 12 წელია მართავენ, მეორე მხრივ თითქოს საქართველოს სახელმწიფოებრიობამ ხვალ და ზეგ შეიძლება აღარ იარსებოს, რასაც საფუძველი არ აქვს. როგორ ამართლებენ და ხსნიან ამას? ერთადერთი ისაა, რომ „ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს, რადგან მას არ შეუძლიათ, რომ საქართველოს შეუნარჩუნოს სახელმწიფოებრიობა, რაც მას ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს ომი იყო, 2012 წელს არსებულმა მმართველმა ძალამ დატოვა ხელისუფლება და წავიდა. ანუ, დემოკრატია მუშაობდა. „ნაციონალური მოძრაობა“ არ მომწონს, მაგრამ თუ მათ ღირსებას ვიტყვი, ნომერ პირველი არის ის, რომ როდესაც არჩევნები წააგეს, წავიდნენ. ეს არის დემოკრატიის სერიოზული გამოცდა. ამ ფონზე, ლაპარაკი იმაზე, რომ ქვეყანა დაიღუპება, თუ „ქართული ოცნება“ არ დარჩება, უკეთეს შემთხვევაში არადამაჯერებელია, უარეს შემთხვევაში სერიოზული ცინიზმია, რადგან ამის არანაირი ნიშანი არ არის. აშკარად ჩანს, რომ ძალაუფლების შენარჩუნებაზე არიან და ყველანაირ დემაგოგიაზე და ტყუილზე მიდიან, ოღონდ მიამიტი ამომრჩეველი დააჯერონ. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ასეთი აქტიურია და რეგიონებში ჩადის, რაც 2012 წლის შემდეგ არ გაუკეთებია, ნიშნავს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან უჭირს და საზოგადოების ნდობა დაკარგეს. ამის გამოსწორება უნდათ ივანიშვილის პერსონალური ჩართულობით, იმედი მაქვს მისი პერსონალური ჩართულობა „ქართულ ოცნებას“ ვერ დაეხმარება იმიტომ, რომ საზოგადოებაში ნამდვილად არის მიუღებლობა იმისა, რომ საქართველო უარს ამბობს ევროპაზე. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ 80%-ის ფარგლებს, მოქალაქეების უდიდესი ნაწილი ირჩევს ევროპას და არა რუსეთს“,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება ზოგადად, „ქართული ოცნების“ 12-წლიანი მმართველობის შეფასებას, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ პიროვნების დონეზე მანამდე არსებული საფრთხეები მოიხსნა, სამაგიეროდ „გაჩნდა განცდა, რომ უარს ვამბობთ ევროპაზე და რუსეთთან პირისპირ, მარტო ვრჩებით“.
„უპირველესად, ვისაუბროთ იმაზე, რა გააფუჭა „ქართულმა ოცნებამ“ - არჩევნებია და შესაბამისად, საზოგადოების წინაშე ცვლილებები დგას. აშკარაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო წლებში, 2018 წლიდან მოყოლებული თუ არა, უფრო მოგვიანებით მაინც, 2022 წლიდან, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, აშკარად გადაუხვია ევროპულ გზას. საქართველოს უკარგავს ევროპულ პერსპექტივას. ეს ყველაზე მძიმე შედეგია „ქართული ოცნების“ მმართველობის და ამას არანაირი გამართლება არ აქვს. რა გააკეთა - არსებითად გააკეთა ის, რომ საზოგადოებაში მოსპო სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის განცდა, რაც არსებობდა 2012 წლისთვის, როდესაც მოსახლეობაში მოქალაქეების დონეზე არ არსებობდა უსაფრთხოების განცდა. მთელი სერია იყო სახელმწიფოს მიერ ადამიანების მიმართ ძალადობის - ნულოვანი ტოლერანტობა; პოლიციელების ხელიდან ადამიანების სიკვდილი - რობაქიძე, იქნებოდა გირგვლიანი თუ გამცემლიძე. პიროვნებების დონზე არსებობდა საფრთხის ძალიან მაღალი განცდა. ეს განცდა მოიხსნა. სახელმწიფომ შეწყვიტა პიროვნებების მიმართ ძალადობა. მაგრამ თუ ეგზისტენციალური საფრთხე მოეხსნა მოქალაქეებს, ეგზისტენციალური საფრთხე გაუჩნდა სახელმწიფოს. თუ 2012 წელს არჩევანი იყო პიროვნების დონეზე: ან სიცოცხლე ან სიკვდილი, ახლა არის სახელმწიფოს დონეზე ეგზისტენციალური გამოწვევა - ან ევროპა, ან რუსეთი. ბუნებრივია, ეს არის ორი პრინციპული განსხვავების შედეგი. ერთი მხრივ პიროვნების დონზე საფრთხე მოიხსნა და ეს მოსწონს ბევრს, რომ მეტად მშვიდობიან გარემოში არსებობენ; სამაგიეროდ გაჩნდა განცდა, რომ უარს ვამბობთ ევროპაზე და რუსეთთან პირისპირ, მარტო ვრჩებით“,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
გარდა ამისა, ზაქარეიშვილის თქმით, „მას შემდეგ, რაც რუსეთმა საომარი მოქმედებები დაიწყო უკრაინაში, საქართველომ ცალსახად და მკაფიოდ აიღო გეზი ევროპიდან წამოსვლაზე“.
„გაუხარდასავით [„ქართულ ოცნებას“], უკრაინაში რომ ომი დაიწყო და ხელები გაეხსნა, რათა ეპოვა მტრის ხატი, თითქოს ვიღაც საქართველოს ებრძვის. რატომღაც ეს ვიღაც აღმოჩნდა „გლობალური ომის პარტიის“ უკან ევროპული და ამერიკული ინსტიტუტები და სახელმწიფოები, რაც შემაშფოთებელია. საჯარო პოლიტიკა მკაფიოდ გახდა ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური. ეს ემსახურება იმას, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ და ძალაუფლებას ევროპა ვერ შეუნარჩუნებს გაყალბებით, სასამართლოს გაუქმებით, პროკურატურის მართვით, პარლამენტის მართვით. დასავლეთი ამას ვერ აიტანს. ამას აიტანს რუსეთი, რადგან რუსეთში ასეთი რაღაცები ხდება. ამიტომ, ვინაიდან, ძალაუფლება შეინარჩუნოს, სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ რუსეთს შეეკრას“,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.