საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას შეხვდა. ზურაბიშვილმა მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებზე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და საქართველოს ევროინტეგრაციაზე ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის. მისი თქმით, საქართველოსა და ქართველ ხალხს სჭირდება თავისი ევროპელი პარტნიორების მორალური მხარდაჭერა და დამკვირვებლების ჩამოსვლა, რათა არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან და მშვიდობიან გარემოში. ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, მათ შორის, პრეზიდენტს ევალება, ყველაფერი გააკეთოს, რომ ქვეყანამ უფრო სწრაფად მიაღწიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს რაც ეხება როგორც ნატოს, ისე ევროკავშირს.