საქართველომ ახლახან ანტი-LGBTQI კანონი მიიღო, ეს ნიშნავს, რომ საქართველო ევროპას შორდება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ საპარლამენტო ჯგუფის მიერ ქვიარ ადამიანების უფლებების შესახებ გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გერმანიაში ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს თავისუფლად, შიშის გარეშე და უსაფრთხოდ ცხოვრება და სიძულვილის, ძალადობის, დისკრიმინაციისა და შეურაცხყოფისაგან დაცული უნდა იყოს“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ უცხოეთში მოგზაურობისას არასამთავრობო ორგანიზაციებს რეგულარულად ხვდება და სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების შესახებ საუბრობს.
„საქართველომ, მაგალითად, ახლახან ანტი-LGBTQI კანონი მიიღო, რომელიც დისკრიმინაციულია და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს. გარკვევით ვიტყვი: ეს ნიშნავს, რომ საქართველო ევროპას შორდება. კარგია, რომ ასეთ შემთხვევებს ყურადღებას აქცევთ და სოლიდარობას ავლენთ“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.