ქართულ ქარტიაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების ნაწილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა ე.წ ტექნიკური მთავრობის შემადგენლობა არჩევნების შემდეგ უნდა დაასახელოს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ახლა ყურადღება არა ამ საკითხზე, არამედ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებაზე უნდა გადაიტანონ. თავის მხრივ, მმართველ პარტიაში არასერიოზულს უწოდებენ სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკურ ძალებთან წამოწყებულ მსჯელობას. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ისინი დამაჯერებლად მოიგებენ, ამიტომაც ე.წ ტექნიკური მთავრობის შექმნა დღის წესრიგში არ დადგება.