ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის ლიბანში ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის წინააღმდეგია. მანამდე, ისრაელის პრემიერის ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელის სახელმწიფო გაერო-ს რეზოლუციით შეიქმნა. ელისეს სასახლეში გამართული დახურული შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, რომელმაც მედიასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა, შეხვედრაზე მაკრონმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუმ არ უნდა დაივიწყოს, რომ მისი ქვეყანა გაერო-ს გადაწყვეტილებით შეიქმნა და ახლა ორგანიზაციის გადაწყვეტილებების უგულებელყოფის დრო არ არის. მანამდე, კვირას, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაერო-ს მოუწოდა, გაიყვანოს სამხრეთ ლიბანში განლაგებული სამშვიდობო ძალები, რომელიც 700 ფრანგ ჯარისკაცს მოიცავს. მისივე თქმით „ჰეზბოლა“ მათ ცოცხალ ფარად იყენებს.