სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების შესაძლო გავრცელების თაობაზე უწყების განცხადება გაფრთხილებაა, რომ პროცესში ჩართულმა პირებმა „წითელი ზღვარი არ გადაკვეთონ“. როგორც ლილუაშვილი ამბობს, ეს განცხადება პრევენციის მიზნით გაკეთდა. გუშინ, 17 ოქტომბერს, სუს-მა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „მიღებული ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას“. უწყების განცხადებით, ამის მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩაგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება.