ოპოზიციას არ უკვირს საქართველოში ევროკავშირის ელჩის გზავნილები. ისინი ამბობენ რომ, როგორც პაველ ჰერჩინსკიმ თქვა საქართველო „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირის წევრი ვერც 2030 წელს გახდება. მათივე განცხადებით, ამის მიზეზი ხელისუფლების საგარეო კურსი და ის რიტორიკაა, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორების მიმართ იყენებს. ხელისუფლების ოპონენტების დარწმუნებული არიან, რომ ევროპელი პარტნიორების შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პასუხს 26 ოქტომბერს აგებს, როდესაც მათი თქმით, არჩევნებში სამართლიანად დამარცხდება. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა, რომ თუ საქართველოს მომავალ მთავრობას სურს ევროკავშირში ინტეგრაციის გზის გაგრძელება - ეს შეიძლება მხოლოდ იმ ღირებულებების საფუძველზე მოხდეს, რომელზეც ევროკავშირია აგებული. ელჩმა აღნიშნა, რომ თუ ქართველი ხალხი აირჩევს მომავალს, რომელიც ერთპარტიულ სახელმწიფოში ცხოვრებას გულისხმობს, სადაც აკრძალულია ოპოზიცია - არანაირი გზა არ არსებობს, რომ საქართველო ოდესმე ევროკავშირის წევრი გახდეს.