„საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - ამ სახელწოდებით თბილისში მარში გაიმართა - მოქალაქეები 5 ლოკაციიდან თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მივიდნენ. ღონისძიებას სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები შეუერთდნენ. ხელისუფლების ოპონენტები განმარტავენ, რომ საზოგადოებამ რუსეთს კიდევ ერთხელ უთხრა უარი. მათივე შეფასებით, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოქალაქეთა დასავლური არჩევანი უკვე ოფიციალურად გაფორმდება. ამავე დროს, „ქართული ოცნების“ წევრები გუშინდელი აქციის შესახებ ამბობენ, რომ დიდი სამზადისის მიუხედავად, ოპონენტებმა მოქალაქეთა დიდი რაოდენობის გამოყვანა ვერ შეძლეს.