26 ოქტომბერს საქართველო მე-11 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. პირველად საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება - პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნები იქნება, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით მისცემს. ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. ცესკოს მონაცემებით, ამომრჩევლებს, ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება. აქედან საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის არის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბნები, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს - 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი შეიქმნა. უცხოეთში შექმნილ საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში 95 910 ამომრჩეველია შეყვანილი.