საქართველოს პრეზიდენტი, საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ბრიფინგზე, რომელსაც ქართულ ქარტიაზე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები ესწრებოდნენ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ არჩევნების აღიარება რუსეთის საქართველოში შემოსვლას ნიშნავს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური პარტიები საზოგადოებას დღეს 19 საათზე რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებენ. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით მსოფლიომ უნდა ნახოს, რომ საზოგადოება არჩევნების გაყალბებას არ შეეგუება. გადაწყვეტილებას, რომელიც ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა გააჟღერა სრულად იზიარებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ და ქვეყნის მომავალს ყველა ბერკეტის გამოყენებით დაიცავენ.