ცესკო პროკურატურას მიმართავს, არჩევნების გაყალბებაზე პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ სხვა პირების განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.
ცესკო განმარტავს, რომ იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, კომპლექსური და ობიექტური გამოძიების ჩატარებას საჭიროებს, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას სცილდება.
როგორც ცესკო განცხადებაში აღნიშნავს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე არჩევნებში მონაწილე ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები "დაუსაბუთებლად ესხმიან თავს ცესკოს და ცდილობენ, უსაფუძვლო ბრალდებებით უწყებას მიაყენონ რეპუტაციული ზიანი" , მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ არჩევნები დადებითად, ხოლო ცესკო-ს მუშაობა უმაღლეს დონეზე შეაფასა.
განცხადებაში საარჩევნო ადმინისტრაცია გამოხატავს მზაობას ითანამშრომლოს გამოძიებასთან და "შეუფერხებლად მიაწოდოს ინსტიტუციაში არსებული გამოძიებისათვის საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია".