ესპანეთის პრემიერმა, პედრო სანჩესმა 3-დღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა. სამშაბათს, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას, ამ დრომდე, სულ მცირე 95 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ესპანეთის მთავრობაში ამბობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება. ოთხშაბათს ესპანეთმა სამაშველო სამუშაოებში დახმარების გასაწევად 1000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა, მაგრამ დატბორილი გზებისა და ჩამოგდებული საკომუნიკაციო და ელექტროგადამცემი ხაზების გამო მაშველთა ბევრი ჯგუფი ქალაქებს მოწყვეტილია.