26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან ერთი თვე სრულდება, თუმცა ოპოზიცია მანდატებზე უარს აცხადებს. საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის პირველი სხდომა არ მოუწვევია, ხოლო საერთაშორისო პარტნიორები საარჩევნო დარღვევების გამოძიებას ითხოვენ - ამის ფონზე, „ქართული ოცნება“ საკუთარ გეგმას არ ცვლის და 25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩასატარებლად ემზადება. მას პარლამენტის უხუცესი წევრი, ლადო კახაძე გახსნის, რომელიც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება. უმრავლესობის წევრებს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება უჩვეულო გარემოში - ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტების გარეშე, მარტოს მოუწევთ.