თურქულმა ავიაკომპანიამ Turkish Airlines-მა განაცხადა, რომ თურქეთში მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო 23 ნოემბერს სტამბოლიდან და სტამბოლის მიმართულებით დაგეგმილი 38 რეისი გაუქმდა. განცხადება გაავრცელა საბიჰა გოკჩენის აეროპორტმაც, სადაც აღნიშნულია, რომ მეტეოროლოგიური საგანგებო კომიტეტის გადაწყვეტილებით 15:00 საათამდე ფრენების 10 პროცენტი გაუქმდება. განცხადებაში მგზავრებს ურჩიეს, თვალყური ადევნონ ფრენების უახლეს სტატუსს შესაბამისი ავიაკომპანიის ვებსაიტებსა და ქოლ-ცენტრებში. სტამბოლში დღეს ჩრდილოეთის ძლიერი ქარია მოსალოდნელი და ასევე სინოპტიკოსები ზღვაზე შტორმსაც ელოდებიან. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ქარის სიმძლავრე შაბათს საღამოსთვის დაიკლებს.